ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ, დაახლოებით, ივლისიდან, როცა ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს, აცრის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც პორტალზე რეგისტრაციით, ისე - ცოცხალ რიგში ჩადგომით.
"ვფიქრობ, ივლისიდან, როცა ვაქცინაციის მასობრივ პროგრამას დავიწყებთ, მოგვიწევს ორივე მოდელის გამოყენება. გარდა იმისა, რომ მოქალაქეს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა პორტალთან ან ინტერნეტთან მუშაობის უნარი, შესაძლებელი უნდა იყოს ვაქცინაციის ცენტრებში მისვლა და უბრალოდ აცრა, რომ ვაქცინა ყველა მოქალაქემ მალე მიიღოს.
რეგისტრაციის პორტალის მიზანი არის ის, რომ ვაქცინაცია ორგანიზებული სახით ჩატარდეს, თუმცა დღეს, პრიორიტეტული ჯგუფების ორგანიზებულად აცრის შემთხვევები გვაქვს, როცა ადამიანები რიგში დგებიან, მიდიან და იცრებიან. ეს ორგანიზაცული საკითხია“, - განმარტა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო მეტად გაშლაც.
"დღეს მოთხოვნა ვაქცინებზე მაღალია, თუმცა მოთხოვნა მაღალია მოსახლეობის 30%-ის მხრიდან. ეს ყველაფერი გასავლელი გვაქვს და ამაზე მუშაობა მიდის“, - აღნიშნა გაბუნიამ.




























