ვიდეოთამაშების ინდუსტრია რევოლუციის წინაშე აღმოჩნდა, რომლის სათავეში გეიმერებისთვის და ტექნოლოგიებში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანებისთვის კარგად ნაცნობი დეველოპერული კომპანია - Rockstar Games-ი დგას.
გუშინ გვიან ღამით, Rockstar-მა საკულტო ვიდეოთამაშის, Grand Theft Auto-ს მე-6 ნაწილის პრომო ვიდეო წარმოადგინა, რომელსაც გეიმერები, კრიტიკოსები და, რაც მთავარია, ინვესტორები არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
თუმცა სანამ მოგიყვებით, თუ რა გავლენა ჰქონდა ტრეილერს Rockstar-ის მფლობელი კომპანიის, Take-Two Interactive Software-ის აქციებზე, გეტყვით, თუ რა ვნახეთ ახალი GTA-ის პრომო ვიდეოში.
პირველი, რაც უნდა ვთქვათ ისაა, რომ პირველი ტრეილერით ბევრი ისეთი დეტალი დადასტურდა, რომელთაც Reddit-ზე და გეიმერულ კომუნებში უკვე დიდი ხანია განიხილავენ. ერთი, რაც გავიგეთ ისაა, რომ თამაში Vice City-ში იქნება, ანუ გეიმერებისთვის კარგად ნაცნობ ადგილას, რომელიც მაიამის ერთგვარი ანალოგია. ტრეილერიდან ისიც შევიტყვეთ, რომ GTA-ის ისტორიაში პირველად, თამაშში გამოჩნდება ქალი პროტაგონისტი, სახელად ლუსია, ხოლო პერსონაჟებს შორის არსებული დინამიკა, გარკვეულწილად, ბონი და კლაიდის ურთიერთობას მოგვაგონებს.
ცხადია, პრომო ვიდეოში ყველა ის ელემენტიც გამოჩნდა, რომლის გამო გეიმერებს ამ ფრენჩაიზის თამაშები იზიდავს, ანუ სწრაფი მანქანები, იარაღები, ამერიკული პოპ-კულტურა და, რაც ყველაზე მთავარია, მოქმედების თავისუფლება, რომელიც გეიმერს არნახულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
მოკლედ, GTA 6-ს, წესით და რიგით, აქვს ყველაფერი ის, რაც გეიმერებს აინტერესებთ, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ვიდეო, რომელიც კომპანიამ გაავრცელა კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებითაა შექმნილი და არ ასახავს რეალურ თამაშს, ანუ ე.წ. "გეიმფლეის" და შესაბამისად ჯერ კიდევ ვერაფერს ვიტყვით თამაშის რეალურ გრაფიკაზე. ერთი, რაც ამ ეტაპზე ვიცით ისაა, რომ GTA 6 Rockstar-ის ახალი თაობის ძრავზე - Rage 9-ზე არის დაშენებული და შესაბამისად, ძალიან მაღალი გარჩევადობის და დეტალიზაციის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რადგან Red Dead Redemption 2, მაგალითად, რომელიც ასევე Rockstar-ის კალამს ეკუთვნის, RAGE 8-ზე იყო შექმნილი.
იმ მკითხველს, რომელსაც GTA-ის შესახებ არაფერი გაუგია შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ არის ეს თამაში ასეთი მნიშვნელოვანი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ მარტივია, რადგან ამ თამაშმა, რომლის პირველი ვერსია Rockstar-მა ჯერ კიდევ 1997 წელს გამოუშვა, ვიდეოთამაშების ბაზარზე ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და ეს ეფექტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რიცხვებითაც დასტურდება. ამ დრომდე, GTA-ის ფრენჩაიზის თამაშების 410 მილიონ ეგზემპლარზე მეტი არის გაყიდული, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებელია.
GTA 6-ის კულტურულ მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ტრეილერის YouTube-ზე გამოქვეყნებიდან 14 საათში, ვიდეომ 64 მილიონზე მეტი ნახვა და შვიდ მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა, თანაც ეს იმის ფონზე, რომ თავდაპირველად, ტრეილერი სხვა გვერდმა გაავრცელა. კუმულაციურად კი, ტრეილერი რამდენიმე ასეულმა მილიონმა ადამიანმა ნახა. თავად თამაში კი 2025 წელს გამოვა და თავდაპირველად Playstation 5-ზე და Xbox-ის კონსოლებზე იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, PC-ზეც გამოჩნდება.
თუმცა თუ გეიმერების მხრიდან ტრეილერს უდავოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, იმავეს ვერ ვიტყვით ინვესტორებზე, რადგან Rockstar Games-ის მფლობელი კომპანიის, ამერიკული Take-Two Interactive Software-ის აქციების ღირებულებამ, წინასავაჭრო სესიაში 4%-ით იკლო, მაგრამ ბაზრის გახსნის შემდეგ კლების უდიდესი ნაწილი დაიბრუნა.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ვიდეოთამაშების გლობალურ ინდუსტრიაზე, რომელმაც, სხვადასხვა ინფორმაციით, 2022 წელს 400 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააგენერირა. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ისევე, როგორც ინდუსტრიის ზომა და მასში ჩართული ადამიანების თუ კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ინდუსტრიის შემოსავლის უდიდესი ნაწილი მობილურ თამაშებზე მოდის, მეორე ადგილს კონსოლები იკავებს, მესამეს კი - პერსონალური კომპიუტერები. წლებთან ერთად, მოსალოდნელია ინდუსტრიის ზრდა და როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, 2032 წლისთვის, ბაზრის ზომა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.