მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდემდე გაგრძელდება ნავთობის და დიზელის დეფიციტი? - IEA

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, ირანის ომით გამოწვეული შეფერხებების ფონზე, გლობალურ ბაზარზე დიზელის მიწოდების დეფიციტი 2027 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება და სანავთობო ბაზარზე სტაბილურობა, სავარაუდოდ, სწორედ მომდევნო წლამდე ვერ აღდგება.

უახლესი ანგარიშის თანახმად, გაზრდილი ფასების გამო, 2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში 2.6 მილიონი ბარელით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ამ ვარდნის 25%-იანი წილი სწორედ დიზელზე მოდის, რაც მის რეკორდულად გაძვირებას უკავშირდება. სააგენტოს მოლოდინით, ნავთობის მიწოდება წელს 5.8 მილიონი ბარელით დაიკლებს, ხოლო 2027 წელს მაჩვენებელი, წესით, 7.7 მილიონით გაიზრდება, თუმცა თავად ეს პროგნოზი ჰორმუზის სრუტის გახსნაზეა დამოკიდებული.

ამას გარდა, ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ბაზრის აღდგენას საფრთხეს უქმნის ის თავდასხმები, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები სპარსეთის ყურეში ახორციელებენ. მოგეხსენებათ, ბოლო კვირის განმავლობაში იემენელმა ჰუსიტებმა ერ-რიადზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მიწოდების ჯაჭვის სტაბილიზაციას ხელს უშლის და პროგნოზების გაკეთებას მნიშვნელოვნად ართულებს.

რაც შეეხება ბაზარზე ამჟამად არსებულ ვითარებას, ბარელი Brent-ის ფასი 106 დოლარის ფარგლებშია, რაც წლიურად 74%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამერიკული WTI-ის ფასი 95 დოლარს შეადგენს, ხოლო რუსული Urals-ის ღირებულება 118 დოლარს აჭარბებს.

IEA-ის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული კრიზისი მსოფლიოს 2022 წლის შემდეგ არ უნახავს, როდესაც მიწოდების დეფიციტის გაჩენის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები