დღეს, ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ით დაეცა და Brent-ის ღირებულება 93 დოლარამდე შემცირდა, ხოლო WTI-ის ფასი $87-ის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი ბარელზე უკვე 71 დოლარს შეადგენს.
წინა თვის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი უკვე 20%-ით არის გაუფასურებული, რაც ირანის წინააღმდეგ კონფლიქტის განახლების მოლოდინის გაქრობას და ახლო აღმოსავლეთიდან სანავთობო ექსპორტის ზრდას უკავშირდება.
ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გლობალურ სანავთობო ბაზარზე ჭარბი მიწოდების გაჩენა ივარაუდა. სააგენტოს შეფასებით, საზღვაო გადაზიდვებზე გაგრძელებული თავდასხმების მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტი გლობალურ მოთხოვნაზე სწრაფად იზრდება. სააგენტოს პროგნოზით, მეოთხე კვარტალში ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 105 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც მოსალოდნელ მოთხოვნას 1.7 მილიონი ბარელით გადააჭარბებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ე.წ. "ომის პრემიუმი" სრულად გაქრება და ნავთობის ფასი თითქმის მყისიერად $20-25 დოლარით დაეცემა, შესაბამისად, ის ომამდელ ნიშნულს სრულად დაუბრუნდება.
























