აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა 60 Minutes-თან უახლეს ინტერვიუში მკაფიოდ განმარტა ის ახალი სამხედრო რეალობა, რომლის წინაშეც ირანის რეჟიმი იმყოფება. მისი თქმით, ვაშინგტონი აღარ აპირებს წარსულის შეცდომების გამეორებას და ამჯერად ვაშინგტონის მთავარი მიზანი არა დემოკრატიის მშენებლობა, არამედ მტრის სრული პარალიზება და რეჟიმის უპირობო კაპიტულაციაა.
ჰეგსეთი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, ამერიკული მხარე არ აპირებს ნაადრევი გამარჯვების გამოცხადებას და აქ გაჩერებას. მისი თქმით, აშშ-ის და ისრაელის გაერთიანებული საჰაერო ძალების წინაშე ირანი უძლურია, ხოლო კამპანიის ის ნაწილი, რომელიც მძიმე ავიაციას და ჭკვიან ბომბებს მოიცავს, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. თავის მხრივ, ეს განცხადება თითქმის სრულად გამორიცხავს ომის მალე დასრულების სცენარს.
თავდაცვის მდივნის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია: არანაირი ახალი ბირთვული შეთანხმება და მოლაპარაკება რეჟიმთან. „ჩვენ ვიბრძვით მოსაგებად და პირობებს ჩვენვე ვადგენთ. მიხვდებიან ირანელები ამას თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს – ისინი აუცილებლად დანებდებიან და ბირთვული პროგრამაც სამუდამოდ განადგურდება,“ – აცხადებს ჰეგსეთი.
ომის მდივანი არ მალავს, რომ იქნება მსხვერპლი, რადგან მისი თქმით, ასეთი კონფლიქტი დანაკარგების გარეშე არ სრულდება. თანაც, „ეს მხოლოდ დასაწყისია,“ – ასეთია ჰეგსეთის დასკვნითი სიტყვები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ვაშინგტონი ირანის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, ამიტომ ომის უახლოეს მომავალში დასრულების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.




























