განათლების და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღდგენის მოთხოვნით მიმართვა უნივერსიტეტებისთვის მომდევნო წლებშიც შეეძლებათ.
პრემიერის ინიციატივით პროგრამა უკვე დაიწყო. აქედან გამომდინარე BMG დაინტერესდა - როგორია სტუდენტების აქტიურობა, რომლებიც მზად არიან წელსვე გამოიყენონ ეს შესაძლებლობა? განათლების მინისტრს ასევე ვკითხეთ როდემდე გაგრძელდება პროგრამა და იმოქმედებს თუ არა ის შემდეგ წელსაც?
გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოს მთავრობამ ისეთ პრობლემას მოჰკიდა ხელი, რომ "არასდროს, არავის გაუმახვილებია ყურადღება".
"მე არ გამოვრიცხავ მსგავს ინიციატივებს მომავალშიც, მაგრამ ეს ჯერ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში არ არის წინმსწრებად მიღებული. რაც შეეხება ვალების განულების ნაწილს, ყველა სახელმწიფო და ყველა კერძო უნივერსიტეტთან გარდა ორისა, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურები შექმნილია. ახლა უკვე მიმდინარეობს ბოლო დეტალურ სიებსა და ვალების ციფრების დადგენა, თუმცა ეს ხელს არ უშლის არც ერთ სტუდენტს, რომ აღიდგინონ სტატუსი. ველი გაშლილია და აქტივობები არის“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სტატისტიკა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, პროგრამა ახლა დაიწყო და ჯერ დეტალები არ არის ზუსტად ცნობილი, თუ რამდენმა სტუდენტმა მოითხოვა აღდგენა.
„გზა გახსნილია. ეს ფანჯარა არ დაიკეტება არასდროს. 5 წელი არის მაქსიმალური ვადა, როცა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უნარჩუნდება სტუდენტობა. დღეიდან 5 წელი გადათვალეთ უკან და რეალურად, ვისაც ერთი წელი აქვს სტატუსი შეჩერებული, მომდევნო ოთხი წელი აქვს უფლება და შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს პროგრამა. დავალიანების გადახდის 20% მათ არ ეხებათ, ეს იყო ჩვენი მხრიდან ვალის გამოსყიდვა, რაზეც კერძო უნივერსიტეტები სიამოვნებით დათანხმდნენ. სტუდენტებს, ვიდრე აქვთ ვადა, სანამ სტატუსი შეუწყდებათ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა - იქნება წელს, მომდევნო წელს, ან 5 წლის შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.
რა შემთხვევაში შეძლებს სტატუსაღდგენილი სტუდენტი სასწავლო პროცესში ჩაერთოს? - მთავრობის დადგენილება