საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წარდგინებისას პრეზიდენტის წარმომადგენლობის პოზიციას მედიასთან “ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი აფასებს და აცხადებს, რომ მათი სამართლებრივი განმარტებები არარელევანტურია.
„ჩვენთვის არ იყო ცნობილი მათი პოზიცია იმიტომ, რომ აქამდე არც წერილობით ჰქონდათ რაიმე წარმოდგენილი და რა საფუძველს დაეფუძნებოდა მათი პოზიცია, ჩვენ არ ვიცოდით. მხოლოდ ახლა გაჟღერდა და მოვისმინეთ. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ პრეზიდენტის წარმომადგენლობას ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა. ფაქტობრივად, თავიანთი პოზიციით მათ თავდაყირა დააყენეს მთელი კონსტიტუციის სულისკვეთება, და მართლწესრიგი. ის სამართლებრივი განმარტებები, რომელიც მათ გააკეთეს, კონკრეტულ კონსტიტუციურ ნორმებთან მიმართებით, არის სრულიად არარელევანტური და ვერანაირად ვერ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას”, - ამბობს კახიანი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც თამარ ჩუგოშვილის კომპეტენციის შეფასებას შეეხებოდა, ოცნების დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დაცვა იურისტებსაც კი უჭირთ.
“არანაირად არ ვაკნინებ პრეზიდენტის წარმომადგენლების კომპეტენციას, პირიქით, დიდ პატივს ვცემ მათ და არანაირად ეჭვქვეშ არ შეიძლება მათი კომპეტენციის დაყენება. მაგრამ კაზუსი როგორც ასეთი, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, იმდენად აშკარაა, რომ აქ პრეზიდენტის ქმედებების დაცვა უბრალოდ წარმოუდგენელია და როდესაც ამას ცდილობ, სრულიად აბსურდულ მოცემულობაში შეიძლება აღმოჩნდე.
პრეზიდენტს, ყველა შემთხვევაში, უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი. ბუნებრივია, იურისტებსაც კი უჭირთ პრეზიდენტის დაცვა. მე არ მეგულება იურისტი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლად ამ შემთხვევას არ ახსნიდეს. პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ გქვია, შენი ამოცანაა დაიცვა პრეზიდენტი და პრეზიდენტის ქმედებები. თუმცა როდესაც 2 X 2 -ზე ამბობ, რომ არის 5 ან 7, ბუნებრივია, ვერ აღმოჩნდები კარგ მდგომარეობაში“, - აცხადებს გიორგი კახიანი.