მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ ჩუგოშვილი - არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და საზღვარგარეთ გასვლასთან?

იმპიჩმენტი

"წარდგინებაში ფაქტობრივი ნაწილი იმდენად სუსტია, რომ მეგონა, დღეს დამატებით რაიმე ინფორმაცია იქნებოდა წარმოდგენილი. რეალურად მოვისმინე ის, რასაც ვისმენ მედიაში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს" - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს, რის გამოც აქცენტი გეოგრაფიაზე - გაუგებარია.

“წარდგინების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის განხორციელება და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო შეხვედრის გამართვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. პირველ რიგში, გაუგებარი არის ეს აქცენტი გეოგრაფიაზე. არსებობს მთელი რიგი ურთიერთობებისა, რომელიც არ წარმოადგენს 52-ე მუხლის დადგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, თუმცა გულისხმობს დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეს უნდა გავმიჯნოთ, ეს ამ საქმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არ თანხმდებოდა არასდროს და არც ერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, მათ შორის, არ გაუხდია სადავო საქართველოს მთავრობას და ეს არ არის ასახული წარდგინებაში.

იქნება საგარეო ურთიერთობების ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მაგალითად: შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. მაგალითად, წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს. თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედრები არასდროს განხილულა როგორ საკითხი, რომელიც არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და სადაც საჭირო არის საქართველოს მთავრობის თანხმობა. მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული ამ მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრების, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძისა და სხვა, სულ 80 პირის, კონსტიტუციურ წარდგინებას სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები