მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„როდესაც აირწინაღს ვყიდულობდი, მოქალაქეების ჯანმრთელობას ვიცავდი“ - რისი უფლება აქვს „ნანუკას ფონდს“ და რას ედავება პროკურატურა?

ნანუკა

„ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც პროკურატურა ამბობს არის ის, რომ ფონდები გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას“ - "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი, ნანუკა ჟორჟოლიანი bmg-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მათი ყველა ქმედება ფონდის წესდებასთან შესაბამისობაშია და პროკურატურას საპირისპიროს მტკიცება ძალიან გაუჭირდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისი ფონდის ანგარიშზე 400 ათას ლარზე მეტი იდო, თუმცა ყადაღის პირობებშიც პირობას დებს, რომ პატიმრების ანგარიშების შევსება, მათი ოჯახებისა და ასევე გადაუდებელი საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება არ შეწყდება.

5 ფონდის საბანკო ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურამ საბოტაჟის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღა. ნანუკა ჟორჟოლიანს ჯერ სასამართლოს განჩინება არ ჩაჰბარებია, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით და რა შინაარსით არის ყადაღა დადებული მისი ფონდის ანგარიშებზე. პროკურატურის განცხადებაში არ ხდება ფონდების დიფერენცირება, მათი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზება და დასაბუთება, თუ კონკრეტულ ფონდებს რაზე ედავებიან.

„როცა ფონდს აფუძნებ, ანუ რეგისტრაციაში ატარებ არსებობს წესდება, რომელსაც ორი მხარე აწერს ხელს. ერთის მხრივ იუსტიციის სახლი და მეორეს მხრივ ფონდი. ჩემი ფონდი დარეგისტრირდა 2020 წლის 12 მაისს, ამ ხელისუფლების პირობებში. წესდების დროს შენ თვითონ ირჩევ რა სფეროებში ოპერირებ ანუ რისი გაკეთების უფლება აქვს იმ ფონდს, რომელსაც შენ აფუძნებ.

მინდა, რამდენიმე დეტალს გავუსვა ხაზი - პროკურატურა ამბობს, რომ ფონდები გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და აქედან გამომდინარე ისინი გახდნენ იძულებული, რომ ჩვენთვის ყადაღა დაედოთ. ის, რომ ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის მაქვს დახმარების უფლება ამაზე ალბათ არც არავინ დავობს და იმედია ამაზე არ გვედავებიან, პოლიტიკურ კონტექსტს გვედავებიან სავარაუდოდ და პოლიტიკური კონტექსტის ნაწილში რა წერია ჩემს შემთხვევაში: რისი დაფინანსების უფლება აქვს მაგალითად ნანუკას ფონდს: სოციალური დაცვა, სამედიცინო დახმარება, ობოლი ბავშვები, ავარიების, სტიქიური უბედურებები და ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ გურიის ეპიზოდი სადავო რომ გახდეს წესდებაში ეს მიწერია, რომ ამ შემთხვევაში ფონდს ოპერირება შეეძლო.

ყველაზე მთავარი დეტალი, რა წერია წესდებაში - პენიტენციური დაწესებულებებისთვის, ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლა, ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესება. ფონდმა როგორ შეიძლება მოუაროს პატიმარს, თუ არ ჩაურიცხა თანხა, მე სხვა ბერკეტი არ გამაჩნია, ჩემი ერთადერთი ბერკეტი არის ის, რომ შევუვსო საპატიმრო ბარათი, რომ მან გაიუმჯობესოს საკუთარი პირობები: შეიძინოს მაცივარი, ტელევიზორი, საკვები დანამატი სამედიცინო მომსახურება მიიღოს დამატებით. პირდაპირ მიწერია, რომ მე ამის უფლება მქონდა.

ასევე, წერია ჩემს წესდებაში, რომ შემიძლია ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა. როდესაც მე აირწინაღს ვყიდულობდი მოქალაქეებისთვის, მათ ჯანმრთელობას ვიცავდი. რას მეუბნება ხელისუფლება, რომ მე დავარბევ, ვცემ, დავიჭერ და შენ არ გაქვს უფლება, რომ მოუარო, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება მე მოგეცი, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს. მე წიწაკის სპრეის, გაზსაც შევასხავ, გავგუდავ კიდეც, მაგრამ შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ აირწინაღი მიაწოდო. სიგიჟეა. ეს არის მთავარი სადავო ნაწილი ჩემთან... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ლარი არ გაცდენილა ჩვენს იმ უფლებას, რაც მონიჭებული გვაქვს წესდებით“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები