საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მთავრობასთან კომუნიკაციისას და მის განცხადებებში არ წარმოადგენს ევროკავშირს და ის მხოლოდ უნგრეთის მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ამის შესახებ ფიშერმა საკუთარ X-ზე დაწერა.
"იმისთვის, რათა ევროკავშირის პოზიცია მოისმინოთ მიმართეთ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს,"- აცხადებს ფიშერი.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, 28 ოქტომბერს ეწვევა. 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.
შეგახსენებთ, ორბანმა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება პირველმა მიულოცა, მაშინ, როცა უბნების მხოლოდ 30% იყო დათვლილი.