მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როდესაც სახელმწიფოსგან წამოვა დაფინანსება, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი გარღვევა გვექნება" - სტუ-ს ვიცე-რექტორი

თამარ ლომინაძე

"ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ ბატონმა პრემიერმა მოძებნა დრო, მოგვისმინა და მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისათვის არის საუკეთესო" - ასე აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თამარ ლომინაძე "ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღარ შეუერთდება.

თითქმის ორკვირიანი განხილვების შემდეგ, 9 თებერვალს სტუ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებოდა. ინიციატივას, რომელიც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 29 იანვარს გამოაცხადა, პროტესტი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისგან მოჰყვა.

როგორც თამარ ლომინაძემ "საქმიანი დილას" ეთერში განაცხადა, სტუ-ს წარმომადგენელთა ჯგუფმა აღნიშნულ შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ სრულად უჭერენ მხარს "ქართული ოცნების" მიერ გამოცხადებულ უმაღლესი განათლების რეფორმას.

"შეხვედრა ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის, რადგანაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, სწორედ იმ დისკუსიების და დებატების რეჟიმში, რაც ბატონმა ირაკლიმ (კობახიძე) დააანონსა, განგვეხილა საკითხები, რომელიც აწუხებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, განსაკუთრებით ამ გაერთიანებასთან მიმართებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ ამ შეხვედრაზე, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი ყოველი პროფესორი, რექტორი, ვიცე-რექტორები განუხრელად ემხრობიან განათლების იმ რეფორმას, რომელიც დაანონსებულია საქართველოში სამთავრობო სტრუქტურების მიერ. ვეთანხმებით რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების პრინციპს, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ პრინციპს, ვეთანხმებით და, რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო განათლებისათვის უმნიშვნელოვანესია კვლევისა და სასწავლო პროცესის დაახლოების პრინციპი და ასევე „3+1+1“ მიდგომა. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ ბატონმა პრემიერმა მოძებნა დრო, მოგვისმინა და მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისათვის არის საუკეთესო", - ამბობს სტუ-ს ვიცე-რექტორი.

წამყვანის კითხვაზე, რა აღმოჩნდა ის არგუმენტი, რამაც "ოცნებას" თავის გადაწყვეტილებაზე უარი ათქმევინა და უნივერსიტეტების გაერთიანება გადააფიქრებინა, თამარ ლომინაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, ტექნიკური მიმართულებები დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, სტუდენტის მიერ ყოველწლიურად გადასახდელი ₾2250 კი უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად საკმარისი არ არის, რის გამოც სტუ განივთარებას მთავრობისა და ინდუსტრიის დაფინანსებით ახერხებს.

"ჩვენ შევეცადეთ, რომ ბატონი პრემიერისთვის დაგვენახვებინა, რა იყო საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების განსხვავებული სპეციფიკა. რატომ მოითხოვს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებები - იმისათვის, რომ წარმატებით განვითარდეს - იყოს ავტონომიური და არ იყოს შერწყმული, შეერთებული კლასიკურ უნივერსიტეტებთან. მოგეხსენებათ, რომ საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებები არის ძალიან კაპიტალტევადი. საინჟინრო ლაბორატორიები, კვლევები, ისევე როგორც ტექნოლოგიური ლაბორატორიები და კვლევები ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ, ისევ მთავრობის დახმარებით, ისევ ჩვენი ინდუსტრიის დახმარებით, ყველა იმ ადამიანის დახმარებით, ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველოში ინჟინერია განვითარდეს, 2250 ლარით, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, შეუძლებელია, რომ ჩვენ ის სტანდარტები დავამკვიდროთ, რაც საერთაშორისო დონეზე არის მიღებული.

შესაბამისად, მთავრობის მიერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული განვითარების პროგრამა, რომელიც სრულიად მთავრობის მიერ იქნება უზრუნველყოფილი, ადამიანური რესურსის განვითარების პროგრამა, რომელშიც ასევე მთავრობა დაგვეხმარება იმ ახალი საკადრო პოლიტიკით და სახელფასო პოლიტიკით, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ აღარ ვიფიქროთ - როგორ გავაკეთოთ ლაბორატორია, როგორ მოვიპოვოთ, მოვიზიდოთ და მოვიწვიოთ ახალგაზრდები ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული არის ახალგაზრდების დაჭერა. ჯერჯერობით, ვინც გვყავს ახალგაზრდები, არიან სუფთად პატრიოტიზმზე. ამაში ჩვენ უკვე გვექნება სახელმწიფოს მხარდაჭერა, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე ადამიანური რესურსის მიმართულებით", - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ს ვიცე-რექტორმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლებიც უნივერსიტეტშია მოსალოდნელი. კერძოდ, კობახიძის თქმით, სტუ-ში მხოლოდ ტექნიკური მიმართულებები დარჩება და მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

ლომინაძის თქმით, მიუხედავად კონკრეტული ფაკულტეტების გაუქმებისა, ქვედისციპლინების სახით, აღნიშნული პროგრამები კვლავ დარჩება უნივერსიტეტში და, შესაბამისად, არც კადრების შემცირებაა მოსალოდნელი.

"სამ ფაკულტეტზე, რამდენიმე პროგრამაზე ჩვენ მიღება აღარ გვექნება. მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ ინჟინერი, რომელმაც არ იცის ეკონომიკა, არ იცის ფსიქოლოგია, ვერ ერკვევა სოციოლოგიაში? შესაბამისად, ეს კომპონენტები, იმ დოზით, რაც სჭირდება ინჟინრის მომზადებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგვრჩება. შესაბამისად, დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ სასწავლო დისციპლინებს წაიყვანენ. უნივერსიტეტი არ არის ორიენტირებული მხოლოდ ერთი რომელიღაცა კონკრეტული დარგის სპეციალისტის მომზადებაზე. ჩვენ ვზრდით საზოგადოების სრულფასოვან წევრებს. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ ფართო განათლება, გარდა იმ სპეციალობისა, რაც არჩეული აქვთ.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო რეიტინგებში სტუ-ს პოზიციონირებაზე, ორი მთავარი სარეიტინგო კომპანიაა, მოგეხსენებათ - Times Higher Education და QS. რომ ნახოთ QS-ის სარეიტინგო სისტემა, ნახავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ციტირების ინდექსის მიხედვით, ანუ კვლევების მიმართულებით, არის საქართველოში პირველ ადგილას. შესაბამისად, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ რესურსების ფარგლებში, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა წლების განმავლობაში, ჩვენ ვაკეთებდით მაქსიმუმს. ახლა უკვე, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან წამოვა ეს დაფინანსება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი გარღვევა და მართლაც, ყოველთვის იყო ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერი ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში და კიდევ უფრო გავიმყარებთ ამ პოზიციებს", - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები