თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით ბევრი პრობლემაა.
მისივე განმარტებით, კომუნიკაციების ცვლილებას საკმაოდ დიდი დრო და შეზღუდვები სჭირდება, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი დიზაინის ქუჩები ყველას მოსწონს.
„ძალიან ბევრი სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, ბევრი პრობლემა გვაქვს მთელი ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით. თქვენ თუ დააკვირდებით, ყველა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, სადაც ჩვენ შევდივართ, პირველი რასაც ვაკეთებთ, კომუნიკაციების ცვლილებაა, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და გარკვეულ შეზღუდვებს საჭიროებს.
ამისათვის, კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო. იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ჭირს გადაადგილება, ჭირს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, არის მტვერი, არის ხმაური, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება. თუმცა, როდესაც სამუშაოები სრულდება, ყველას მოგვწონს ახალი დიზაინის ქუჩები და გამზირები. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.