მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდესაც საუბარი ჩვენზე და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზეა, შეზღუდვები საჭიროა - თანდილაშვილი ავტოიმპორტზე

ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, როდესაც საკითხი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება, უნდა ითქვას, რომ შეზღუდვები საჭიროა. ამის შესახებ ნინო თანდილაშვილმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

„ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან საპასუხო ქმედებები, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ.

დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები. აქ ჩვენ და საზოგადოება ერთიანად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც საუბარია ჩვენზე და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე უნდა ვთქვათ, რომ შეზღუდვები საჭიროა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ელექტრომობილებს არ შეეხება. ამის შესახებ BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასევე გამონაკლისი შეეხება ავტომობილების რეექსპორტსაც.

ცნობისთვის, საქართველოში 2025 წლის ბოლოსთვის 1 914 908 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 6.9%-ით აღემატება.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი ბენზინზე მომუშავეა. მათი რაოდენობა 796 250-ია. დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა 373 633-ია; ჰიბრიდი - 188 899; ბენზინი და აირი - 187 016; ელექტრო - 15 581 ავტომობილი; აირი - 2053; დანარჩენი - 351 476 ავტომობილი.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ”, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით https://nea.gov.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები