მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება აპლიკაცია "42 გრადუსი", რომელიც ტურისტებს თბილისს თამაშით დაათვალიერებინებს?

63f6161147b65
თინათინ ნატმელაძე
26.02.23 21:56
1128
მალე ადგილობრივ ბაზარზე ახალი ტურისტული აპლიკაცია, „42 გრადუსი“ გამოჩნდება, რომლის საშუალებითაც ტურისტებს თბილისის თამაშით დათვალიერება შეეძლებათ, - ამის შესახებ BM.GE-ს სტარტაპის დამფუძნებელმა, გუგა აბაშიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სერვისები მსოფლიოში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.

„42 გრადუსის“ დამფუძნებელი აპლიკაციის დეტალების შესახებაც გვიყვება და ამბობს, რომ აქ გაერთიანებული როგორც უფასო, ისე ფასიანი ტურებიც იქნება.

„ეს პროექტი რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, ჩვენი პარტნიორია ისლანდიური კომპანია Locatify, რომელიც აპლიკაციის ტექნიკურ და სასერვისო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, აქამდე მათი აპლიკაციის საშუალებით ვატარებდით სატესტო ტურებს, თუმცა მარტიდან AppStore-სა და GoogleStore-ში ჩვენი პირადი აპლიკაცია, „42 გრადუსი“ გამოჩნდება.

ტურისტს თამაშით, ძალიან საინტერესოდ შეეძლება ქალაქის დათვალიერება - აქ შეხვდება ერთგვარი დავალებები, რომლის შესრულების შემდეგაც კონკრეტულ ლოკაციაზე მოხვდება, ყველა ლოკაციაზე მისვლისას აპლიკაცია ამ ადგილის ისტორიას ამოუგდებს.

ტურების ძირითადი ნაწილი უფასო იქნება, თუმცა კონკერტულ ადამიანებსა და გიდებს შეეძლებათ თავად შექმნან ტური, განათავსონ და ერთგვარი საფასურიც დაადონ.“ - განაცხადა გუგა აბაშიძემ.

მისივე ცნობით, მოლაპარაკებებს სხვადასხვა კვების ობიექტებსა და სავაჭრო ცენტრებთანაც აწარმოებენ, რომლებიც ტურების მონაწილეები გახდებიან და მათ ლოკაციაზე მისვლისას ტურისტი ერთგვარ ფასდაკლებას მიიღებს.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მომგებიანია ობიექტებისთვის, რადგან მათთან პოტენციური მყიდველები მიგვაქვს და ისინიც საფასურს მისული სტუმრების რაოდენობის მიხედვით იხდიან“, - ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თბილისის ბაზრის ათვისების შემდეგ „42 გრადუსი“ სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება, რის შემდეგად სალაშქრო მიმართულების ათვისებაზეც იმუშავებენ.

ინფორმაციისთვის, სტარტაპი პარტნიორი სიცილიური კომპანიისგან ფრენჩაიზს ყიდულობს, თუმცა დამფუძნებლის ცნობით, Locatify მხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერი იქნება და აპლიკაცია საქართველოში ოპერირებას ქართული ბრენდით დაიწყებს.

„42 გრადუსის“ შექმნაში 6-7 ადამიანია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები