მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რატომ შეიქმნა ოლიმპიური თამაშები?

ოლიმპიური თამაშები

ცხელი საფეხბურთო ზაფხულის შემდეგ, სპორტის მოყვარულების ყურადღება საფრანგეთის დედაქალაქმა მიიპყრო, სადაც 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება. პარიზში 206 ქვეყნის წარმომადგენელი 10,714 სპორტსმენი შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთს 30-ზე მეტ სპორტის სახეობაში დაუპირისპირდებიან. სპორტული აქტივობების ჩამონათვალში ვხვდებით, როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობ და შეიძლება ითქვას, ტრადიციულ ოლიმპიურ სახეობებს, მათ შორის ძიუდოს, ჭიდაობას, ტანვარჯიშსა და ცურვას, ასევე სკეიტბორდინგს, შვიდკაცა რაგბის და ოლიმპიურ ბრეიკინგს, რომელიც, სხვათა შორის, ოლიმპიადაზე წელს პირველად გამოჩნდება.

სიახლისა და უკეთესობისკენ სწრაფვა, ისევე, როგორც დაუღალავი ადამიანური ჟინის განდიდება ის საძირკველია, რომელსაც თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ეფუძნება, მაგრამ იმისთვის, რომ ოლიმპიური თამაშების არსში უკეთესად გავერკვეთ, ამ სპორტული მოვლენის ისტორიას უნდა გადავხედოთ. პირველი ოლიმპიური თამაშები ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს, საბერძნეთის მცირე ზომის ქალაქ ოლიმპიაში გაიმართა - შესაბამისად, სახელწოდება “ოლიმპიადა” სწორედ ამ ტოპონიმს უკავშირდება. თავის დროზე, ოლიმპიური თამაშები კლასიკური ანტიკური კულტურის და რელიგიის ზეიმად მიიჩნეოდა, რადგან ეს სპორტული ყრილობა ძველი ბერძნების ღმერთების ღმერთის - ზევსის პატივსაცემად იმართებოდა.

თუმცა რელიგიურობის გარდა, ძველი ბერძნები სხვა ერებისგან კიდევ რამდენიმე თვისებით გამოირჩეოდნენ, მათ შორის ჯანსაღი შეჯიბრების სიყვარულით, გამბედაობით და ფიზიკური სრულყოფილებისადმი სწრაფვით. თანაც, ამ თვისებებს პატივს სცემდნენ არამხოლოდ ათენში, არამედ სპარტაში და ყველა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოში, რაც იმითაც დასტურდება, რომ ათენის, სპარტას, კორინთის, თებესა და სხვა ქალაქ-სახელმწიფოთა მეთაურები დროებით სამშვიდობოზე გადიოდნენ, საუკეთესო ათლეტებს ბრძოლის ფრონტიდან სამშობლოში აბრუნებდნენ და ოლიმპიაში გზავნიდნენ.

პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად კორობეუსი ითვლება, რომელიც ქალაქ-სახელმწიფო ელიდას წარმოადგენდა. თავდაპირველად, ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სირბილში იმართებოდა, ანუ კორობეუსი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 192-მეტრიან გარბენში გაიმარჯვა, რისთვისაც ზეთისხილის ტოტებისგან დამზადებული გვირგვინით დაჯილდოვდა. ეს გვირგვინი მხოლოდ ზევსის ტაძრის ეზოში არსებული წმინდა ხისგან მზადდებოდა, ანუ ის ერთგვარი რელიგიური ატრიბუტი იყო, რომელიც ოლიმპიადაში გამარჯვებულ სპორტსმენს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, საზეიმო ვითარებაში გადაეცემოდა. სამშობლოში დაბრუნებულ ათლეტებს ქალაქ-სახელმწიფოთა მმართველები, როგორც წესი, ფულითაც აჯილდოებდნენ.

დროთა განმავლობაში, ოლიმპიური თამაშები დაიხვეწა, ხოლო ღონისძიებას არაერთი ისეთი შეჯიბრება დაემატა, რომელთაც დღეს წმინდა ოლიმპიურ სახეობებად მივიჩნევთ. სირბილის შემდეგ, ოლიმპიადას ჭიდაობა, კრივი, სიგრძეზე ხტომა, შუბის ტყორცნა და ეტლებით რბოლა, ანუ ოლიმპიურ თამაშებში ის აქტივობები გამოჩნდა, რომელთაც, როგორც წესი, ბერძენი სამხედროები ომების დროს ასრულებდნენ. ამ ჩამონათვალში ყველაზე საინტერესო - ეტლებით რბოლა იყო, რომელსაც ისეთივე დატვირთვა ჰქონდა, რაც დღეს “ლე-მანის 24-საათიან” რბოლას, რომელიც ავტოსპორტში გამძლეობისა და ოსტატობის ყველაზე დიდ გამოცდად ითვლება.

ოლიმპიური თამაშები საბერძნეთის კულტურული ცხოვრების ქვაკუთხედად იქცა და ამ სიმბოლურ ტიტულს მრავალი საუკუნის განმავლობაში ინარჩუნებდა, რა დროსაც ის გაცილებით დიდ სპორტულ ფორუმად გადაიქცა, რომლითაც იმდროინდელი ევროპა იყო დაინტერესებული. თუმცა ყველაფერი ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში შეიცვალა, როცა რომის იმპერიის სათავეში თეოდოსიუს პირველი მოვიდა. თეოდოსიუსი ქრისტიანი იყო და ზევსის პატივსაცემად შექმნილ ოლიმპიურ თამაშებს ბოლო მოუღო, თანაც ისე, რომ ეს სპორტული ფორუმი 1,500 წლის განმავლობაში აღარავის გახსენებია.

თუმცა მოგვიანებით, საფრანგეთში ძველი ოლიმპიური თამაშებით შთაგონებული ისტორიკოსი და განმანათლებელი, პიერ დე კუბერტენი გამოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ანტიკური ტრადიციის აღორძინების დრო დადგა, რადგან სპორტი და ოლიმპიადა, როგორც სპორტული ზეიმის მწვერვალი - პლანეტაზე მშვიდობის დამყარების საწინდარი იყო. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, პიერ დე კუბერტენმა “საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი” დააფუძნა, რომელმაც ორ წელიწადში პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ჩაატარა.

განახლებული ოლიმპიადა პირველად 1896 წელს, საბერძნეთში ჩატარდა, სადაც 14 ქვეყნის 241-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. იმ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი მედალი სწორედ საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპორტული ჟინის გემო იგრძნო, რამაც დღეს, ქვეყანა ჭეშმარიტ ოლიმპიურ ტიტანად აქცია. იმ ოლიმპიადაზე, ამერიკის რიგებში ყველაზე წარმატებული ათლეტი მორბენალი ტომას ბერკი იყო, რომელმაც 100-მეტრიანი და 400-მეტრიანი გარბენი მოიგო. საბერძნეთის რიგებში გამორჩეული ათლეტი სპირიდონ ლუისი იყო, რომელმაც ბერძნებისთვის განსაკუთრებულ სპორტის სახეობაში - მარათონში გაიმარჯვა.

1896 წლის შემდეგ, ოლიმპიური თამაშები სისტემატურად იმართებოდა და იმ მასშტაბის სპორტულ მოვლენად გადაიქცა, როგორადაც მას პიერ დე კუბერტენი გონებაში წარმოიდგენდა. განსაკუთრებული ზრდა ოლიმპიადამ მე-20 საუკუნეში განიცადა, რაც დიდწილად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის კონკურენციით იყო განპირობებული, რომლებიც დღემდე ორ ყველაზე წარმატებულ ოლიმპიურ ქვეყნებად მიიჩნევიან. თუმცა ისტორიას ორი შავი პერიოდიც ახსოვს, როცა მსოფლიოში ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის არავის ეცალა - ასეთი რამ ორჯერ მოხდა, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, როცა ოლიმპიური თამაშები უბრალოდ არ ჩატარებულა.

ისე კი, ოლიმპიურ თამაშებზე არაერთი წარმატების ისტორია დაწერილა. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი, რომელსაც ოლიმპიადებზე ოცდასამი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, რაც აბსოლუტური რეკორდია. ფელპსთან ერთად პლანეტის ყველაზე სწრაფი ადამიანი, იამაიკელი უსეინ ბოლტიც უნდა გავიხსენოთ. თუმცა საინტერესო ისაა, რომ დიდ სპორტულ ქვეყნებთან ერთად, რეკორდსმენები საქართველოსაც ჰყავს. ამ მხრივ, ოლიმპიური ჩემპიონები, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მსროლელი ნინო სალუქვაძე უნდა გამოვარჩიოთ, რადგან ტალახაძეს საკუთარი თავის გარდა პლანეტაზე კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო სალუქვაძე პირველი ქალი სპორტსმენი გახდა ისტორიაში, რომელმაც ათ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

ოლიმპიური თამაშები, როგორც ცნობილია, სპორტული ჟინისა და ადამიანის გამძლეობის გამოცდაა, რაზედაც რამდენიმე ისტორიული ფაქტიც მიუთითებს. პირველ რიგში, ამერიკელი ტანმოვარჯიშე ჯორჯ აიზერი გავიხსენოთ, რომელმაც 1904 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ერთბაშად ექვსი მედალი მოიპოვა, თანაც ისე, რომ მარჯვენა ფეხის ნაცვლად ხის პროთეზს ატარებდა. არანაკლებად საინტერესო იყო 1900 წლის პარიზის ოლიმპიადა, რომლის დროსაც ცურვის შეჯიბრებები მდინარე სენაში გაიმართა, რომელიც იმდენად ბინძური იყო, რომ ათლეტები პირდაპირი გაგებით ნაგავში ცურავდნენ. აქვე 1960 წლის ოლიმპიური თამაშები უნდა გავიხსენოთ, როცა მარათონში ეთიოპიელმა აბებე ბიკილამ გაიმარჯვა, რომელმაც მთელი დისტანცია ფეხშიშველმა გაირბინა.

ისტორია ცხადყოფს, რომ ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული სპორტული მოვლენაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და, როგორც წესი, ქვეყნებს შორის ომებსაც კი აჩერებს. ამასთან, ოლიმპიური თამაშები ჰუმანიზმისა და ადამიანობის სიმბოლოდ ითვლება, რომელიც ქვეყნებსა და ათლეტებს ერთმანეთთან აკავშირებს და თითოეულ მათგანს იმ წარსულის შესახებ ახსენებს, რომელიც ოცდარვა საუკუნის წინ, საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები