პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აქტიურ ეტაპზე გადავიდა, ხოლო სახელმწიფოებმა ოლიმპიური ჯილდოების მოგროვება უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის, მედლების ჩამონათვალში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელსაც სხვადასხვა სინჯის თხუთმეტი მედალი დაუგროვდა, მათ შორის შვიდი ოქრო. უმაღლესი სინჯის მედლების ჩამონათვალში ჯერაც მოიკოჭლებს ოლიმპიური თამაშების დომინანტი ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ეს ქვეყანა, რომლის ათლეტებმა ოცდაექვსი მედალი მოიპოვეს, ამ დროისთვის, რაოდენობრივად ყველას ჯაბნის. თავად ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში ექვსასი სპორტსმენი მოხვდა.
ამერიკულ დელეგაციაში არაერთი საინტერესო სპორტსმენი მოხვდა, მათ შორის გარკვეული სპორტის სახეობების პროფესიონალები: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი და მოცურავე კეტი ლედეკი. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამერიკულ დელეგაციაში რამდენიმე მილიარდერის შვილიც მოხვდა, რომლებიც, უმეტესწილად, პრესტიჟული, შედარებით ძვირად ღირებული სპორტის სახეობებით ინტერესდებიან, მათ შორის ჩოგბურთით და საცხენოსნო სპორტით.
პირველი, ოლიმპიურ თამაშებში ნავთობის მაგნატის და ორი სპორტული კლუბის, Buffalo Bills-ისა და Buffalo Sabres-ის მფლობელის, ტერი პეგულას ქალიშვილი ჯესიკა პეგულა ჩაერთვება, რომელიც, ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია მსოფლიოში და ქალთა თანრიგში მე-6 ადგილს იკავებს. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში ჯესიკა პეგულას ვიხილავთ, როგორც წყვილთა თანრიგში, სადაც მისი პარტნიორი მსოფლიოს მე-2 ჩოგანი, კოკო გაუფია, ასევე ინდივიდუალურ თანრიგში, მაგრამ ამ მიმართულებით ის ოლიმპიადას უკვე გამოეთიშა. ჯესიკა პეგულა შთამბეჭდავი მოთამაშეა, რომელმაც კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხებით $13.5 მილიონი გამოიმუშავა. ჯესიკას მამის, ტერი პეგულას ქონებას კი ამერიკული Bloomberg-ი $11 მილიარდად აფასებს.
ამერიკელი მილიარდერების ოლიმპიელი შვილების ჩამონათვალში Citigroup-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ბენ ნავაროს ქალიშვილი ემმაც მოხვდა, რომელიც ჯესიკა პეგულას მსგავსად ჩოგბურთის ინდივიდუალურ თანრიგში გამოდიოდა, მაგრამ ჩინელ ჩინვენგ ჭენგთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. ემმა ნავარო 23 წლისაა და ამ დროისთვის ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. სპორტული კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხებით ემმა ნავარომ $2.3 მილიონის მოხვეჭა შეძლო. მამამისის, ბენ ნავაროს ქონებას კი ამერიკული Forbes-ი $1.5 მილიარდად აფასებს.
ჩოგბურთის გარდა, უმდიდრესი ამერიკელი ბიზნესმენების შვილები საცხენოსნო სპორტითაც ინტერესდებიან, რაც გასაგებიცაა, რადგან სპორტის ეს ორი სახეობა, ისევე, როგორც გოლფი და ავტოსპორტი მეტად ძვირიან სიამოვნებად ითველება, როგორც ეკიპირების ღირებულების, ასევე აუცილებელი ფიზიკური მომზადების და მუდმივი მოგზაურობის კუთხით. საინტერესოა, რომ საცხენოსნო სპორტში რამდენიმე ამერიკელი მილიარდერის შვილი გამოდის, მათ შორის არიან Bloomberg-ის დამფუძნებლისა და ნიუ-იორკის ყოფილი მერის, მაიკ ბლუმბერგის ქალიშვილი ჯორჯინა; Intuit-ის თანადამფუძნებლის, სკოტ კუკის ვაჟი კარლი და მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინის ქალიშვილი ჯესიკა, მაგრამ ზემოხსენებული ათლეტები პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერ მოხვდნენ.
თუმცა ამ სპორტსმენებისგან განსხვავებით, ოლიმპიური საცხენოსნო სპორტის ოლიმპიურ ბადეში მოხვდა Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის სიძე ნაიელ ნასარი, რომელიც ეგვიპტის სახელით გამოდის. ამ სპორტში, ბილ გეიტსის ქალიშვილი ჯენიფერიც გამოდის, მაგრამ ის წლევანდელ ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა. ნაიელ ნასარი გამორჩეული ათლეტია, რომელიც HITS-ის $1-მილიონიანი გრან-პრის სამგზის გამარჯვებულია. ამასთან, ის პირველი ცხენოსანია, რომელმაც Longines Masters-ზე ორ დისციპლინაში გაიმარჯვა.
ერთადერთი მილიარდერი ათლეტი, რომელიც პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს, ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსია, რომელიც ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია. ლებრონ ჯეიმსის ოლიმპიური მონაგარი ასე გამოიყურება: ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო. ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები წლევანდელი ოლიმპიადის ფავორიტადაა მიჩნეული, ასე რომ მთელი მსოფლიო გუნდისგან ოქროს მედალს ელოდება. წლევანდელი ოლიმპიადა ლებრონისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის შესანიშნავად დაიწყო, რადგან Team USA-მ ნიკოლა იოკიჩის სერბეთს დამაჯერებლად მოუგო. თავად ლებრონ ჯეიმსმა იმ მატჩში 21 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა მიითვალა.