ბევრის აზრით, საფონდო ბირჟა, ანუ ადგილი, სადაც კომპანიების წილები იყიდება, ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა. საფონდო ბირჟის იდეა ახალი არ არის და სათავეს ჯერ კიდევ 1602 წელს იღებს, როცა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიამ ამსტერდამის საფონდო ბირჟა დააფუძნა.
ასე დაიწყო ისტორია, რომელიც დღეს გლობალური ფინანსური ეკოსისტემის და შეიძლება ითქვას, პლანეტის ფინანსური განვითარების ქვაკუთხედად იქცა. დღეს, მსოფლიოში 43,000-მდე საჯარო კომპანია ირიცხება, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ ღირებულება, $100 ტრილიონს აღემატება. საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიები გლობალური ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენენ, რადგან აქციების საჯაროდ გაყიდვით, კომპანიას დამატებითი კაპიტალის მოზიდვა შეუძლია, რაც დოვლათის გაზრდას ნიშნავს.
თავის დროზე, სხვათა შორის, საფონდო ბირჟა სწორედ დამატებითი კაპიტალის მიღების მიზნით შეიქმნა, ანუ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის არსი ექვსი საუკუნის შემდეგაც უცვლელია. როგორც გითხარით, საფონდო ბირჟა ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიამ დააფუძნა - იმ დროს ახალმა მოთამაშემ, რომელსაც აზიური სანელებლების ბიზნესზე მონოპოლიის დამყარება სურდა. იმ დროს, აზიაში ჩასვლა საკმაოდ რთული პროცესი იყო, რასაც ძალიან დიდი ფული სჭირდებოდა. ინდივიდუალური ინვესტორებისგან, ანუ ძალიან მდიდარი ადამიანებისგან და სახელმწიფოსგან მოზიდული კაპიტალი ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიას არ ჰყოფნიდა და მოიფიქრა, ადამიანებისთვის საშუალება მიეცა მისი მომავალი ვოიაჟების მეწილეები გამხდარიყვნენ.
შინაარსობრივად, ამსტერდამის საფონდო ბირჟა დღევანდლისგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ მანამ, სანამ ბირჟისთვის ცალკე ფიზიკური დაწესებულება შეიქმნებოდა, ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის აქციებით ინვესტორები კაფეებში და ქუჩებში ვაჭრობდნენ. ორი საუკუნის შემდეგ, ვაჭრობამ უშუალოდ ბირჟაზე გადაინაცვლა და ეს საქმემაც მეტად ინსტიტუციური სახე მიიღო. კომპანიის აქციის ფასი იმ დროსაც მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დგებოდა, ხოლო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია ხელნაწერებში ინახებოდა. თუმცა ნდობას, იმ დროს, გაცილებით დიდი როლი ჰქონდა. ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის ვოიაჟები, როგორც წესი, მრავალწლიანი იყო, ასე რომ ინვესტორი, რომელიც კომპანიაში საკუთარ ფულს აბანდებდა, თავისი არსით, გრძელვადიანი ინვესტორი იყო.
ამსტერდამის საფონდო ბირჟის დაფუძნების შემდეგ, ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანია იმ დროს პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს კომპანიად იქცა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველ მულტინაციონალურ კორპორაციად ითვლება. ოპერირების საუკეთესო წლებში, ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანია ათიათასობით ადამიანს ასაქმებდა, ასობით გემს ფლობდა და აზიაში, აფრიკასა და ევროპაში ათობით პორტის ოპერატორი იყო - იმ დროს, კომპანია სანელებლებით ვაჭრობის ბაზრის ნახევარს აკონტროლებდა. კომპანია ოპერაციულადაც გამართული იყო და პერიოდულად დივიდენდსაც გასცემდა, ანუ ინვესტორებს სანელებლებით ვაჭრობისგან მიღებულ მოგებას უნაწილებდა, თანაც გულუხვად - სხვადასხვა მონაცემებით, მე-17 საუკუნეში დივიდენდის საშუალო მაჩვენებელი 18%-ის ტოლი იყო.
თუმცა კომპანიის წარმატებამ მხოლოდ მე-18 საუკუნემდე გასტანა, რადგან კორუფციის, არასწორი და გაუმართავი მენეჯმენტის და მზარდი კონკურენციის ფონზე კომპანიამ არსებობა ვეღარ განაგრძო და საბოლოო ჯამში, მისი აქტივები და ვალდებულებები ქვეყნის ხელისუფლებამ გადმოიბარა, რითაც ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის ბატონობის ერა დასრულდა.
თუმცა ის, რაც ამ კომპანიამ შექმნა, დღესაც არსებობს, რადგან საფონდო ბირჟამ ადამიანებს გრძელვადიანი სიმდიდრის შექმნის საშუალება მისცა. დროთა განმავლობაში ტრეიდინგი და ინვესტირება რეგულირებადი სფერო გახდა. პარალელურად, კაცობრიობამ ტელეგრაფი მოიგონა, რამაც ინფორმაციის მიმოცვლის სიჩქარე გაზარდა. მოგვიანებით, ტელეგრაფი ტელეფონმა ჩაანაცვლა, ტელეფონი კი - ინტერნეტმა. დღეს, საფონდო ბირჟაზე ტრანზაქციები ყოველწამიერად სრულდება, ხოლო აქციის შეძენა და გაყიდვა ინვესტორებს უკვე სახლიდანაც შეიძლიათ, მობილური აპლიკაციების გამოყენებით.
ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის მსგავსად, დროთა განმავლობაში, წარსულს ჩაბარდა თავად ამსტერდამის საფონდო ბირჟა, რომელიც საუკუნის დასაწყისში ბრიუსელის და პარიზის ბირჟებს შეერწყა და შედეგად ევროპული საფონდო ბირჟა, Euronext-ი ვიხილეთ. კონსოლიდაცია სხვა ბაზრებზეც გაგრძელდა და საბოლოო ჯამში დღევანდელი ვითარება მივიღეთ, როცა მსოფლიოში დაახლოებით 60 საფონდო ბირჟა მოქმედებს, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $100 ტრილიონს შეადგენს.
დღეს, უდიდესი მოთამაშეები ნიუ-იორკის, NASDAQ-ის, შანხაის, ჰონგ-კონგის და Euronext-ის ბირჟები არიან, რომელთა მნიშვნელოვანი პარამეტრები შემდეგნაირად გამოიყურება:
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE)
კაპიტალიზაცია: $26.2 ტრლნ
ლიდერი: Apple ($2.8 ტრლნ)
NASDAQ
კაპიტალიზაცია: $23.5 ტრლნ
ლიდერი: Microsoft ($2.5 ტრლნ)
შანხაის საფონდო ბირჟა (SSE)
კაპიტალიზაცია: $7.3 ტრლნ
ლიდერი: ICBC ($260 მლრდ)
ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა (HKEX)
კაპიტალიზაცია: $6.7 ტრლნ
ლიდერი: Tencent ($560 მლრდ)
Euronext
კაპიტალიზაცია: $6.3 ტრლნ
ლიდერი: LVMH ($500 მლრდ)