საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო დანაზოგმა 5.2 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საგულისხმოა, რომ საპენსიო დანაზოგის ნაწილი გლობალურ აქციებშია ინვესტირებული და სამ პორტფელს შორის მთავარი სხვაობა სწორედ გლობალური აქციების პროპორციაა. ივნისის ბოლოს არსებული მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 54% იყო, დაბალანსებულში - 33%, ხოლო კონსერვატიულში - 18%.
რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში აშშ-ზე 43.5%, აზიაზე - 18.2%, ევროპაზე - 17.6%, განვითარებად ბაზრებზე - 12.5%, ხოლო ლათინურ ამერიკაზე 8.2% მოდის.
წილის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანია კი ასე გამოიყურება:
- MICROSOFT – 3.2%;
- NVIDIA – 2.9%;
- APPLE – 2.9%;
- ALPHABET – 1.9%;
- AMAZON – 1.7%;
- META – 1%;
- TSMC – 1%;
- VALE – 0.8%;
- BERKSHIRE – 0.7%;
- ELI LILLY&CO - 0.7%
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება ერთ-ერთია, რასაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სადავო ცვლილებები მოიცავს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს არც ვეტო დაადო და არც ხელი მოაწერა. როგორც მისმა საპარლამენტო მდივანმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მოგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს. ამის მიუხედავად, ცვლილებები მაინც ამოქმედდება, რადგან მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს ხელს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.