2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.2 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პორტფელების 2024 წლის ივნისის თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დინამიკური პორტფელის როგორც ნომინალური ისე რეალური ამონაგები დანარჩენი ორი პორტფელის ამონაგებს აღემატება. საგულისხმოა, რომ დინამიკურ, იგივე მაღალრისკიან პორტფელში ყველაზე ნაკლები თანხა - 26.4 მილიონი ლარია, დაბალანსებული (საშუალო რისკიანი) პორტფელის ზომა 28.9 მილიონი ლარი, ხოლო კონსერვატიულის (ნაკლებად რისკიანი) - 5.162 მილიარდი ლარია.
ამ სამ პორტფელს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ივნისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 54% იყო, დაბალანსებულში 33%, ხოლო კონსერვატიულში 18%.
პორტფელების მიხედვით, 2023 წლის 7 აგვისტოდან დღემდე საპენსიო ფონდის ჯამური ნომინალური ამონაგები 11.7%, ხოლო რეალური - 9.3%-ია. რაც შეეხება პორტფელებს, დაგენერირებული ამონაგებები შემდეგნაირად გამოიყურება:
- კონსერვატიული პორტფელი - ნომინალური 11.4%, რეალური 9%;
- დაბალანსებული პორტფელი - ნომინალური 13.4%, რეალური 11%;
- დინამიკური პორტფელი - ნომინალური 15%, რეალური 12.5%.
30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 11 114-მა ადამიანმა ისარგებლა, რომლებზეც ჯამურად 38.9 მილიონი ლარი გაიცა.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება ერთ-ერთია, რასაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული სადავო ცვლილებები მოიცავს. კერძოდ, იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ამასთან, ეს შესაძლებლობა გაჩნდება დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს არც ვეტო დაადო და არც ხელი მოაწერა. როგორც მისმა საპარლამენტო მდივანმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მოგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს. ამის მიუხედავად, ცვლილებები მაინც ამოქმედდება, რადგან მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს ხელს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.