ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, აცრილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის 4 მილიონი დოზა ვაქცინის მობილიზებაა საჭირო.
როგორც გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მასობრივი ვაქცინაციის პირველი ნიშნები ქვეყანაში უკვე არის, რადგან პროგრამა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის გახსნილი.
„მასიური და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაფხულის ბოლოსკენ მივიღებთ ყველა დაგეგმილ დოზას, რაც ამჟამად არის მოსალოდნელი, რომ მივიღოთ. მათ შორის ვგულისხმობ მილიონ დოზა „ფაიზერს“ და „სინოფარმის“ დამატებით დოზებს ანუ ყველა მოქალაქეს, რომელიც ელოდება ვაქცინებს, მათ შორის არჩევანის შესაძლებლობის გამოც, ექნება საშუალება, აირჩიოს ვაქცინა და ჩაერთოს პროგრამაში.
ეს დაგეგმილი იყო მესამე კვარტლიდან და ასეც იქნება. წლის ბოლოსთვის დასახული გეგმის შესასრულებლად დღეში უნდა ავცრათ 15-16 ათასი პირი და ვაქცინების საჭირო რაოდენობა უნდა იყოს 4 მლნ-მდე, აქ საუბარია პირდაპირ ხელშეკრულებებზე, კოვაქსის პლატფორმაზე და ვაქცინების გაზიარების მიმართულებაზე, რაზეც ევროკავშირი აქტიურად მუშაობს. ვვარაუდობთ, რომ 55%-იანი მოცვა გვექნება, ხოლო დარჩენილი 5%-ისთვის საჭირო ვაქცინების მობილიზებაც მიმდინარეობს და ვფიქრობ, არც ამაზე შეიქმნება პრობლემა“, - განაცხადა გაბუნიამ.




























