home
category
tv live menu
EN
Loading data...

როდის დაიწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა? - საბანკო ასოციაციის პასუხი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემისთვის საჭირო დადგენილებას მთავრობა სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში დაამტკიცებს - ამის შესახებ გადაცემა"ანალიტიკას" ეთერში საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პრობრამის ფარგლებში ერთ მოქალაქეს 200,000 ლარის ფარგლებში შეეძლება იპოთეკური სესხის აღება, ხოლო თანადაფინანსების ვადა 5 წელი იქნება. დაფინანსების მისაღებად მოქალაქეებს ბანკისთვის მიმართვა 2020 წლის ბოლომდე შეეძლებათ.

"მინდა ვთქვა, რომ დადგენილების პროცესი უკვე პრინციპში მზად არის და მიმდინარეობს კორექტირებების შეტანა. როგორც ვიცით, მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება უკვე ხელმოწერილი და გამოცემული დადგენილება. ვადებში ცოტა გადაჭარბებული მოლოდინები რომ არ შევქმნათ რომ ხვალვე ამუშავდება ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რომ დადგენილების გამოცემის შემდეგ კონტრაქტები იქნება გასაფორმებელი და პროდუქტები იქნება შესაკრავი კომერციულ ბანკებში, ანუ დაახლოებით 2-3 კვირიანი პერიოდი მაინც გველოდება, რათა ამუშავდეს ეს პროექტი. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროსთან, მთავრობასთან და აწარმოე საქართველოსთან, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პროექტის დამუშავება. რათა ტექნიკურმა ხარვეზებმა და გადავადებებმა არ იმოქმედოს ამ პროცესზე. ყველას აქვს მაღალი მოლოდინი და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძკება მალე ამუშავდეს ეს პროექტი,"- ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ამასთან, ძნელაძე იმედოვნებს, რომ ეს პროგრამა უძრავი ქონების ფასების მერყეობის თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

პროგრამის ფარგლებში ბანკებში სესხების გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

მთავრობას პროგრამის მეტი დეტალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

"ანალიტიკა" - ინტერვიუ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტთან:

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები