მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყებს OMW საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის ძიებას?

63e52ffc0aa8c
ნინო ტაბატაძე
09.02.23 18:21
406
როდის დაიწყებს OMW Petrom -ი საქართველოს კუთვნილ შავი ზღვის შელფზე ნავთობის ძიებისთვის სეისმურ კვლევას, უცნობია.

კომპანია სპეციალური გემის შემოყვანას 2022 წლის შემოდგომაზე გეგმავდა, თუმცა როგორც მე-4 კვარტლის ანგარიშში მიუთითა, საქართველოს კუთვნილ II ბლოკზე სამუშაოები „ისევ შეჩერებულია“.

რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ავსტრიულ-რუმინულ კომპანიას? - BMG -იმ კითხვით საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს მიმართა. უწყებაში ფიქრობენ, რომ პროცესები რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა.

„OMW ანგარიშში საქართველოს საძიებო ბლოკზე ჩასატარებელი სეისმო სამუშაოები დაკვალიფიცირებულია როგორც კომპანიის სტრატეგიული მიმართულების ერთ ერთი ნაწილი, რუმინეთის "ნეპტუნის" , და ბულგარეთის „ჰან ასპარუშის" პროექტებთან ერთად. OMW -სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სეისმო სამუშაოების ჩატარების უკიდურეს ვადად განსაზღვრულია 2025 წლის 1 აპრილი. სააგენტო იმედოვნებს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობისა, სეისმური სამუშაოები დაიწყება და დასრულდება უკიდურეს ვადამდე ადრე“, - ნათქვამია BMG -სთვის მოწოდებულ წერილობით პასუხში.

საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის ძიებისა და მოპოვების სამუშაოების წარმოებისთვის OMV Petrom-თან ხელშეკრულება 2021 წლის 10 მარტს გაფორმდა. ამით საქართველო შეუერთდა შავი ზღვის აუზის იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

კომპანიამ თავდაპირველად უნდა განახორციელოს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოები, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.

ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები