OMV Petrom-ის გასვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებისთვის ინვესტორების მოძიების ახალ რაუნდს იწყებს.
მთავრობის განკარგულებით, „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ შავი ზღვის შელფის სალიცენზიო ბლოკზე არსებული მასალების გადამუშავება, შეფასება და შედეგების პოტენციურ ინვესტორებთან წარდგენა უნდა უზრუნველყოს. ამ ღონისძიებებს კი „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (GOGC) დააფინანსებს. კორპორაციას 1.4 მლნ ლარის გამოყოფა დაევალა.
შავი ზღვის შელფზე მე-2 სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის ძებნა/ მოპოვების ლიცენზია წარმატებულ რუმინულ კომპანია OMV Petrom-ს ჰქონდა. ეს ლიცენზია, რომელიც გულისხმობდა შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად, კომპანიამ ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო. ადგილზე საძიებო სამუშაოების დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა, წელს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ საქართველოდან გასვლა გადაწყვიტა.
"საქართველოში ბლოკის საძიებო პარტნიორის იდენტიფიცირების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, OMV Petrom-მა გადაწყვიტა ლიცენზიის გაუქმება. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს," - მოწერა კომპანიამ BMG -ს.
დაინტერესების არსებობის მიუხედავად, საქართველომ ვერც მესამე სალიცენზიო ბლოკისთვის მოახერხა ინვესტორის მოძიება.
შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის სადაზვერვო სამუშაოები 2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ანა დარკომ“ ჩაატარა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ანა დარკომ“ მნიშვნელოვანი გეოფიზიკური, აერო და სხვა სახის ფუნდამენტური კვლევითი სამუშაოები ჩაატარა, რაც შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთში ნავთობის დიდი რაოდენობის არსებობას ადასტურებს. თუმცა წინასწარი მონაცემებს დასაზუსტებლად ჭაბურღილების გაბურღვაა აუცილებელი.