რუმინული OMV Petrom-ი, რომელმაც შავ ზღვაში ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა, სავალდებულო სეისმურ სამუშაოებს შავ ზღვაში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ვერ იწყებს. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.
კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს. OMV Petrom წელს გეგმავდა, რომ ბურღვითი სამუშაოების დაწყებამდე სალიცენზიო არეალში სეისმური მონაცემების მოპოვებისთვის შესაბამისი კვლევები ჩაეტარებინა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. არსებული გეგმით, OMV Petrom-ის სატესტო ჭაბურღილმა გაზის მოპოვება 2025 წლისთვის უნდა დაიწყოს. შეფერხების ფონზე ქართული მხარე კომპანიასთან ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას არ განიხილავს.
„OMV Petrom-ს სავალდებულო სამუშაო პროგრამით უწევს სეისმური სამუშაოების ჩატარება, რომელსაც სჭირდება სპეციალური გემის მობილიზება, თუმცა ის გამოწვევები, რომელიც შავ ზღვაში არსებობს, მათ შორის ომთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამ გემის შემოყვანის საკითხს უფრო მეტად აჭიანურებს, თუმცა მუდმივი საუბარი გვაქვს OMV Petrom-თან და ჩვენი მხრიდან დადასტურებულია, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ჩვეულებრივ ხორციელდება გემების მიმოსვლა, არავითარი შეფერხება და არავითარი პრობლემა უსაფრთხოების კუთხით არ ექნება. დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებენ ამ ჩვენს აზრს და უკვე დეტალურ თარიღებზე და დეტალურ გეგმებზე წლის ბოლოს საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე შევთანხმდებით“, - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.
აღსანიშნია, რომ შავ ზღვაში კიდევ ერთი სალიცენზიო ბლოკია, თუმცა ჯერჯერობით ქართულ მხარეს ინვესტორი არ ჰყავს.
„შავ ზღვაში მეორე სალიცენზიო ბლოკი სამხრეთით, თურქეთის მხარეს მდებარეობს. OMV-ის ბლოკისგან განსხვავებით უფრო მეტი მასალა გვაქვს, აქ თავის დროზე ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა კვლევა, სამი საინტერესო სტრუქტურა გამოყო, ორი ბურღვის წერტილიც შერჩეულია და ალბათ ამ მიმართულებითაც დავიწყებთ ე.წ როუდ შოუებზე ფიქრს, რომელიც ახალი ინვესტორის მოყვანაში დაგვეხმარება“, - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.