გასული კვირის (23-29 ოქტომბერი) მნიშვნელოვანი მოვლენები
1) რიკოთის ახალი მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის შემადგენელი რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა.
გზის 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მერტია.
2) რეფინანსირების განაკვეთი
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე შენარჩუნდა. როგორც ეროვნულმა ბანკმა განმარტა, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მომავალში მხოლოდ ფრთხილი ნაბიჯებით გააგრძელებს. ამის მიზეზია რეგიონში გართულებული გეოპოლიტიკური გარემო, საწვავზე ფასების ზრდა და აქედან ინფლაციაზე გარზდილი წნეხი და საბანკო დაკრედიტების მომატებული ტენდენციები, რაც მათ შორის ინფლაციაზეც ახდენს გავლენას.
რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგი სხდომა 20 დეკემბერს იგეგმება.
3) საბანკო სექტორის კრედიტებმა და დეპოზიტებმა 49 მილიარდ ლარს გადააჭარბა
ცნობილი გახდა საბანკო სფეროს სტატისტიკური მაჩვენებლები. უფრო დეტალურად კრეიდტების ზომა გაიზარდა 1 მილიარდ 150 მილიონი ლარით და 49 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამასთან, სესხების ლარიზაცია 55%-ია და ის წინა თვეში გაცვლითი კურსის გამორიცხვით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კრედიტებზე უფრო მეტი 1 მილიარდ 270 მილიონი ლარის დეპოზიტები შეემატა საბანკო სისტემას და მთლიანმა ნაშთმა 49 მილიარდ 330 მილიონ ლარს მიაღწია. კრედიტებისგან განსხვავებით შემცირდა დანაზოგების ლარიზაცია და ის 49.8%-ია.
4) S&P Global-ი მიიჩნევს, რომ სებ-ის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შემცირება შეუძლია, ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესსაც
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმზე მიღებულ გამონაკლისს საქართველოს საბანკო სისტემაზე ორგანიზაციის შეფასების გაუარესება შეუძლია. ამის შესახებ საუბარია S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ უკანასკნელ ანგარიშში.
S&P-ის კითხვის ნიშნები აქვს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებითაც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება მოხდა, საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე საშუალოვადიან პერიოდში რისკებს წარმოშობს.
ამას გარდა, 2023 წლის სექტემბერში გამოიცა ეროვნული ბანკის ბრძანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სავალდებულოს ხდის. ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. ამის მიუხედავად, საქართველოს ბანკების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი დაიცავენ საერთაშორისო სანქციევს. ამ საკითხზე დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობას შეუძლია საქართველოს საბანკო სისტემაზე ჩვენ შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედოს,”- წერს S&P.
5) ფოთის პორტის ოპერატორი ახალ ახალი ტერმინალის მშენებლობაზე მთავრობასთან შეთანხმებას გააფორმებს
ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals Poti-ი, რომელიც დანიური "მაერსკის" შვილობილია, პორტის გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს. პორტის კომერციულმა დირექტორმა, იენ როლინსონმა BMG-ის განუცხადა, რომ საინვესტიციო შეთანხმება თითქმის ფინალიზებულია და მას ხელი, სავარაუდოდ, მომდევნო თვის ბოლოს მოეწერება. როგორც იენ როლინსონი განმარტავს, ხელმოწერიდან დაახლოებით ერთი წლის ვადაში კომპანია პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
ახალი ტერმინალის სიღრმე 13.5 მეტრამდე უნდა იყოს და მას 250 მეტრამდე სიგრძის გემების მომსახურება შეეძლება.
6) საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებმა ერთობლივი კომპანიის დაფუძნებაზე შეთანხმება გააფორმეს
"აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ყაზახეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივმა კომპანიამ ქვეყნებს შორის გადაზიდვების ტარიფების უნიფიკაცია, ასევე გადაზიდვების გამარტივება უნდა მოახდინოს. თუმცა უშუალოდ როდის დაიწყებს ერთობლივი კომპანია ფუნქციონირებას ჯერჯერობით უცნობია.
“ხელი მოვაწერეთ „შუა დერეფნის“ სამი ქვეყნის რკინიგზებს შორის - ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საწარმოს შექმნას. წესდებაზე ხელი მოვაწერეთ, ჩამოყალიბების შემდეგ სამი ქვეყნის ერთობლივი საწარმო შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას შეუწყობს ხელს და რაც მნიშვნელოვანია, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მოხდება მომსახურების მიწოდება. ეს კიდევ უფრო გაზრდის დერეფნის მნიშვნელობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
7) OMV Petrom-ი შავ ზღვაში ნავთობის საძიებო სამუშაოებს უსაფრთხოების რისკების გამო ვერ იწყებს - სააგენტო
რუმინული OMV Petrom-ი, რომელმაც შავ ზღვაში ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა, სავალდებულო სეისმურ სამუშაოებს შავ ზღვაში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ვერ იწყებს. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა განაცხადა.
კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს. OMV Petrom წელს გეგმავდა, რომ ბურღვითი სამუშაოების დაწყებამდე სალიცენზიო არეალში სეისმური მონაცემების მოპოვებისთვის შესაბამისი კვლევები ჩაეტარებინა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. არსებული გეგმით, OMV Petrom-ის სატესტო ჭაბურღილმა გაზის მოპოვება 2025 წლისთვის უნდა დაიწყოს. შეფერხების ფონზე ქართული მხარე კომპანიასთან ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას არ განიხილავს.
8) სამეგრელოში, ჭალადიდში ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებენ
საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობა იზრდება. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, წელს ნავთობის მოპოვება 200%-ით, გაზის კი 140%-ით არის გაზრდილი. სააგენტო იმედოვნებს, რომ წლის ბოლო დაფიქსირებული მაჩვენებლები აბსოლუტურ რიცხვებში ნავთობის შემთხვევაში 40 000 ტონიან ნიშნულს, გაზის შემთხვევაში კი 15-18 მილიონ მ3 მოცულობას მიაღწევს.
როგორც გიორგი ტატიშვილმა BMG-სთან განაცხადა, მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობების ზრდა ბრიტანული ნავთობმომპოვებელი კომპანია Block Energy-ის მიერ სამუშაოების ინტენსივობამ და ძებნა/მოპოვების პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ გახადა შესაძლებელი.
ნავთობისა და გაზის სააგენტო მიიჩნევს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი ნავთობისა და გაზის რესურსი გააჩნია, შესაბამისად აქცენტი კეთდება იმ პოტენციალის ათვისებაზე, რაც ქვეყანას არამხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ნაწილში აქვს. როგორც გიორგი ტატიშვილი აცხადებს, სამეგრელოში, კერძოდ ჭალადიდი ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ჭაბურღილის ბურღვა დაიწყება. ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს კომპანია „ვესტ გალფ პეტროლიუმი“ განახორციელებს.
9) ვგეგმავთ, “რუსთავის აზოტი” გლობალურ მწარმოებლად ვაქციოთ - Indorama
სინგაპურული კოპორაცია Indorama “რუსთავის აზოტის” გლობალურ მწარმოებლად გარდაქმნას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, პრაკეშ კეჯრივალმა განაცხადა. მისი თქმით, Indorama-ს მიზანია, რომ “რუსთავის აზოტის” მიერ წარმოებული ქიმიური სასუქები რეგიონის და რეგიონს მიღმა ბაზრებზე აქტიურად იყოს წარმოდგენილი. განცხადება მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გააკეთა.
10) 2023 წლის 9 თვეში მთავრობამ 12.36 მილიარდის გადასახადები აკრიფა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა პერიოდის განმავლობაში 12.2 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავდა, თუმცა ფაქტობრივად აკრეფილი გადასახადები 12.36 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, მეტობით მობილიზებულია 199 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი.
გადასახადებს შორის ყველაზე დიდი მოცულობით ხაზინამ დღგ აკრიფა, დეტალურად საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
დამატებული ღირებულების გადასახადი - 4.98 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 102%;
საშემოსავლო გადასახადი - 4.17 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 105.9%;
მოგების გადასახადი - 1.58 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 100.5%;
აქციზის გადასახადი - 1.60 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 106%;
იმპორტის გადასახადი - 114 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 125%.