თბილისთან ახლოს, თაბორის მთაზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. როგორც BM.GE-ს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს, მშენებლობის დასრულება 2024 წლის ბოლო იგეგმება.
აღსანიშნია, რომ ტურიზმის განვითარების ფონდში პროექტის დასრულება სამჯერ გადაავადეს. თავდაპირველად კომპლექსი 2021 წელს უნდა გახსნილიყო, 2022 წლის ინფორმაციით კი Paragraph Tabori პირველ სტუმრებს 2023 წლის შემოდგომისთვის უნდა მიეღო, თუმცა გასული წლის დასაწყისში ეს თარიღიც დაკორექტირდა, რადგან მთელი ყურადღება და რესურსი „პარაგრაფ თბილისის“ გახსნაზე იყო მიმართული, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნა.
ტურიზმის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 130 მლნ დოლარს აღწევს. პროექტის დასრულება კი 2024 წლის ბოლოს იგეგმება, თუმცა როდის გაიხსნება სასტუმრო ვერ ამბობენ, რადგან სასტუმროს მართვაში "მარიოტის" Autograph Collection შედის და ამ გადაწყვეტილებასაც მმართველები მიიღებენ.
„პარაგრაფ თაბორი, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური პროექტია. თაბორის ქედზე არსებული 177-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო გარშემორტყმულია მასშტაბური რეკრეაციული სივრცით და უნიკალური 9-ფოსოიანი გოლფის მოედნით, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია. უმაღლესი კატეგორიის სპა, საცურაო აუზები, ფიტნეს და სარელაქსაციო დარბაზები, ოთხი სხვადასხვა კატეგორიის ბარი და რესტორანი ის მცირე ჩამონათვალია, რაც პარაგრაფ თაბორის სასტუმროში იქნება გაერთიანებული.
აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო ტრანსპორტით (გზით) დაუკავშირდება თავისუფლების მოედანზე არსებულ „პარაგრაფ თბილისს“. 34-გონდოლიანი საბაგიროს პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია დოპელმაიერი“, - აცხადებენ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში.