სავაჭრო ცენტრების, „სითი მოლის საბურთალოს“ და „გლდანი მოლის“ გაფართოების პროექტი 2027 წლისთვის დასრულდება. ამის შესახებ BMG-ის სავაჭრო ობიექტების მფლობელ კომპანია IG Development-ში განუცხადეს.
კომპანიის ფინანსური დირექტორის განცხადებით, პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, “სითი მოლი საბურთალოს” გაფართოება ორ ეტაპად განხორციელდება – 2027 წლამდე დასრულდება მისი პირველი ფაზა.
ლაშა კახიშვილის თქმით, გაფართოების შედეგად სავაჭრო ცენტრების გასაქირავებელი ფართი გაორმაგდება, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 250 მლნ დოლარია.

როგორც IG Development-ში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ობიექტების დატვირთულობა 100%-ს აღწევს და გაფართოების შედეგად, ახალი ბრენდების მოზიდვას შეძლებენ.
„გლდანის სავაჭრო ცენტრის გაფართოების პროექტი 2025 წლის იანვარში დავიწყეთ. გლდანში ჯამური გასაქირავებელი ფართი გაორმაგდება და 50 000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს. შესაბამისად, ბრენდების რაოდენობაც გაორმაგდება. საბურთალოს ობიექტში ერთი თვის წინ დავიწყეთ ზრდის და გაფართოების პროექტი. ჯამურმა გასაქირავებელმა ფართმა საბურთალოზე 110 000 კვადრატს უნდა მიაღწიოს. შედეგად, საბურთალოს სითი მოლში ადგილზე 1000-ზე მეტი ბრენდი იქნება უკვე წარმოდგენილი. ასევე ჩვენი ძალებით ჩამოგვყავს სხვადასხვა ბრენდები, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე არ არიან, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვფიქრობთ, რომ გახსნის ეტაპზე “სითი მოლში” უკვე ახალ ბრენდებსაც იხილავთ. ვფიქრობთ, რომ 2027 წლისთვის ორივე პროექტი სრულად უნდა გავუშვათ.
ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 250 მილიონი დოლარია. საბურთალოს მოლი ორ ეტაპად განვითარდება, რადგან უფრო მოცულობითი პროექტია. პირველი ეტაპი 2027 წელს გაეშვება, დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ უკვე მეორე ეტაპი”, - განაცხადა ლაშა კახიშვილმა.




























