ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისათვის ინფლაციის მომავალ დინამიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივად აღემატება მის მიზნობრივ მაჩვენებელს, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები კვლავ ნარჩუნდება.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას მომდევნო წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ.
„მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ, 2022 წელს ინფლაცია 11.9%-ის, ხოლო 2023 წელს კი 5.3%-ის ფარგლებში იქნება და სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას გაზრდილი მოკლევადიანი მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ნედლეულის ჯერ კიდევ მაღალი ფასები განაპირობებს. მათი კლებისა და გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული გადახრა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასები, რის ფონზეც გლობალურად ინფლაცია გაიზარდა და ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი და სინქრონიზებული გამკაცრების საჭიროება დადგა.
„კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი, ნოემბერში 4%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბერში, პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ, 2%-მდე გაზარდა. ხოლო ინფლაციის კუთხით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასები აშშ-ში წლიურად 7.1%-ით, ხოლო ევროზონაში - 10.0%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.