2022 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციას" (GOGC) 230 მილიონი ლარის კრედიტი გამოუყო. აღნიშნული სესხის მიზნობრიობას კომპანიისთვის საოპერაციო სახსრების მიწოდება წარმოადგენდა.
კომპანიას პირვანდელი პროექტით ეს სესხი ორ ეტაპად 2023-2024 წლებში უნდა დაებრუნებინა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 60 მილიონი ლარი არის დაბრუნებული. BMG-ის ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს, რომ სესხის დარჩენილი, 170-მილიონი ლარი საქართველოს მთავრობას 2025 წლისთვის დაუბრუნდება.
GOGC საქართველოს მთავრობის საკუთრებაში არსებული ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მაგისტრალური გაზსადენების ქსელის, ასევე თბოსადგურების (გარდაბანი 1 და გარდაბანი 2) ოპერატორია. კომპანია ასევე წარმოადგენს საქართველოს მხარეს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიან ხელშეკრულებაში, შესაბამისად, საქართველოს სახელით ბუნებრივ აირს სწორედ კორპორაცია ყიდულობს.
GOGC-ის საქართველოს მთავრობისგან კრედიტის მიღება დასჭირდა იქიდან გამომდინარე, რომ მისი ფინანსური შედეგები შედარებით გაუარესებულია, საქმე ისაა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული კომპანია მოსახლეობისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ირიბი სუბსიდირებით არის დაკავებული, რაც ყოველწლიურად კომპანიისთვის ასობით მილიონი ლარის მიუღებელ შემოსავალს წარმოშობს. 2021 წელს კი კორპორაციამ EBRD-თან აღებული სესხის პირობებიც დაარღვია.
ცნობისთვის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის (GOGC) 2023 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ პერიოდის განმავლობაში მოგების ნაცვლად 22.2 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კორპორაცია 30.2 მილიონი ლარის მოგებაზე იყო. წლის მეორე ნახევრის და მთლიანად 2023 წლის ანგარიშგება კორპორაციას არ გამოუქვეყნებია.