ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ინფექციური საავადმყოფოსთვის შეძენილი ახალი შენობის რემონტს და მისი აღჭურვის სამუშაოებს კომპანია "ანაგი" ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 24.8 მილიონი ლარია.
შესაბამისი ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან 2022 წლის მარტში გაფორმდა, ადგილზე კი სამუშაოები 14 თვეში, 2023 წლის 25 მაისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა კონრაქტორმა კომპანიამ ვადების გახანგრძლივება ითხოვა. ამ ეტაპზე შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციით ირკვევა, რომ კონტრაქტორს ვადა 2023 წლის 7 ივლისამდე გაუხანგრძლივდა.
დღეს აღნიშნულ თემაზე BMG-მ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ჰკითხა - როდის გადავა ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში, რაზეც მინისტრმა უპასუხა: “ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გეტყვით, ვფიქრობ, წლის ბოლომდე შენობა აღჭურვის ჩათვლით სრულად მზად იქნება. შესაბამისად, ინფექციური საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში და დაიცლება არსებული შენობა”, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.