რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა-არ მოხსნის საკითხზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს და, შესაძლოა, გადაწყვეტილება 22 ან 23 დეკემბერს გამოცხადდეს.
მთავრობამ ჯერ კიდევ 28 ნოემბერს დააანონსა, რომ 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები მოიხსნებოდა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარება საჭირო არ არის.
„ყველამ ვიცით, რომ შეზღუდვები დაწესებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე. ასევე, ვხედავთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან 3 კვირის თავზე გვაქვს ხელშესახები შედეგები ამ შეზღუდვების, ასევე ვხედავთ თუ რა დინამიკაა უცხოეთში, როგორ ხდება ჩაწყნარებული ვითარების მიუხედავად ე.წ. მესამე ტალღების დაწყება და ა.შ. ეს ვითარება არის მუდმივად დინამიური. პანდემია არის არაპროგნოზირებადი და განსხვავდება ბიუჯეტის პროექტისგან, რაც შეიძლება წინასწარ დაგეგმო. ჯერ კიდევ გავდივართ პროცესებს ეპიდემიოლოგებთან, ვაკვირდებით თუ რა ხდება უცხოეთში. ეს ვითარება არის ყურადსაღები და პასუხისმგებლობა გვაკისრია არა მხოლოდ ბიზნესის და ეკონომიკის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე და ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა-არ მოხსნის შესახებ აისახება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ თუკი შეზღუდვები მოიხსნება დაგეგმილი სცენარის მიხედვით, აუცილებელია ბიზნესის მხრიდან ყველა წესი იყოს დაცული, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
„კარგად გვახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ე.წ. "შავ პარასკევს" სავაჭრო ობიექტები. ბიზნესთან შეხვედრები გრძელდება, მათ კარგად იციან ყველა ის სტანდარტი, რაც თვეების განმავლობაში მოქმედებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს წესები არ არის დაცული, მაგალითად, რიგის კონტროლი, ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის ყოფნა და ა.შ. ამ ეტაპზე ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ შევიქმნათ გარანტიები, რომ ამ შემთხვევაში მაინც იქნება დაცული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და პარალელურ რეჟიმში მიდის მსჯელობა.
„ერთი მხრივ, ვემზადებით, რომ სავაჭრო ცენტრები გაიხსნას. მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როცა გვექნება სრული სურათი ყველა იმ რისკთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იყოს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



























