მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება სასტუმრო "პარაგრაფ თბილისი", რომლის საინვესტიციო ღირებულება $120 მლნ-მდე გაიზარდა

620b956b4002d
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.22 00:30
8691
"მარიოტის" უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის“ გახსნა 2022 წელს იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს, რომელიც დღეისთვის „ქართუ ფონდში“ შედის.

ტურიზმის განვითარების ფონდში სასტუმროს ამოქმედების დაგვიანების მიზეზებს განმარტავენ და ამბობენ, რომ მისი გახსნის სავარაუდო თარიღი მიმდინარე წლის ზაფხულია.

უმაღლესი კლასის სასტუმროს ამოქმედების ვადების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც. თუ 2020 წლისთვის სასტუმროს პროექტის დასრულება 101 მლნ დოლარის ინვესტირებით იგეგმებოდა, დღეს ეს თანხა 120 მლნ დოლარს შეადგენს.

„სასტუმროში, ამჟამად დასკვნითი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 2022 წლის იანვრის მონაცემებით, პროექტის საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 120 მლნ დოლარს შეადგენს.

პროექტის დასრულების და გახსნის ვადები მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 2 წელი ბიზნესისთვის საკმაო სირთულეებით იყო სავსე, განსაკუთრებით შემცირდა თბილისში მდებარე სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არსებულმა ეპიდსიტუაციამ გავლენა მოახდინა უცხოელ კონტრაქტორებთან მუშაობის კუთხითაც, ვინაიდან საგრძნობლად გაიზარდა მასალების მიწოდების ვადები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ვადებზე“, - განმარტავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისი სასტუმრო “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე თავდაპირველად 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო. პროექტი 3 ობიექტს მოიცავს, სასტუმროებს: სოლოლაკის მაღლობზე, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნებზე, რომლებიც ერთმანეთს საბაგიროთი უნდა დაუკავშირდეს.

პანდემიამ გახსნის თარიღის კორექტირება მოახდინა და სასტუმროს 2021 წლის პირველ კვარტალში უნდა გახსნილიყო, დღეს არსებული ინფორმაციით კი, Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისი“ მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გაიხსნება.

აღსანიშნია, რომ სასტუმრო ექვსი კატეგორიის 220 ნომერს, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახებს, A კლასის საოფისე და კომერციული ფართებს, სპა, ფიტნეს ცენტრსა და საცურაო აუზს აერთიანებს, რომელსაც თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს. აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და გოლფ კლუბს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები