მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდის გახსნის ირანი ჰორმუზის სრუტეს? – ირანის საგარეო მინისტრის განმარტება

ჰორმუზი

ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური ენერგეტიკული ბაზრის კრიტიკულ არტერიას წარმოადგენს, ბოლო პერიოდში ირანის საგარეო პოლიტიკის მთავარ "კოზირად“ იქცა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ CBS-თან ინტერვიუში მკაფიოდ განაცხადა, რომ თეირანმა სრუტეზე კონტროლი გაამკაცრა და მას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

არაღჩის თქმით, ჰორმუზის სრუტე ოფიციალურად ჩაკეტილია ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ირანი ამ გზით ამერიკის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას პასუხობს და მისი მიზანი სხვა ქვეყნების შეზღუდვა არ არის.

როგორც ჩანს, ირანი ცდილობს, სრული საგარეო იზოლაცია თავიდან აიცილოს და სრუტე შერჩევითად გახსნას. არაღჩიმ დაადასტურა, რომ ირანის მთავრობას უკვე მიმართა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და იტალიამ, თავიანთი გემებისთვის უსაფრთხო დერეფნის გამოყოფის თხოვნით.

„ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც თავიანთი გემების უსაფრთხოდ გატარება სურთ,“ — აღნიშნა მინისტრმა.

აქვე, საინტერესოა არაღჩის ლოგიკა სრუტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ის ამტკიცებს, რომ ირანს სრუტე ფიზიკურად არ დაუხურავს, თუმცა იქ არსებული რისკების გარემო, რომელიც აშშ-ის ქმედებებმა გამოიწვია, გემების მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ტრანზიტის გახსნის საკითხზე არაღჩი კონკრეტიკას ერიდება და აღნიშნავს, რომ ყველას, ვისაც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოდ გავლა სურს, ირანის მთავრობისგან მოუწევს ნებართვის მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები