მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოქვეყნდება საწვავის ბაზრის მოკვლევის შედეგები?

64a3dec89db8d
თელარა გელანტია
04.07.23 23:55
565
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საავტომობილო საწვავის საწვავის ბაზრის მოკვლევა დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“განაცხადა.

საქმე ის არის, რომ კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მოკვლევის შედეგების გასაჯაროება ივნისში ჰქონდა დაანონსებული, მაგრამ როგორც ირაკლი ლექვინაძემ თქვა, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ამ ვადამ ოდნავ გადაიწია.

“ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 6 თვეში შევძლებდით საბოლოო დოკუმენტის დასრულებას. საკითხი რთულია. მას აქვს თავისი ეკონომიკური და სამართლებრივი მხარე. ასევე, ეს პროცესი ითვალისწინებს პროცედურებს, რომელსაც კონკრეტული ვადები აქვს და ითხოვს ამ ვადების დაცვას და კომუნიკაციას იმ კომპანიებთან, ვის მიმართაც მოკვლევა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, მოკვლევის ობიექტია საწვავის ხუთი ყველაზე მსხვილი რეალიზატორი.

ამ ეტაპზე საკითხი დასკვნით ეტაპზეა. შემაჯამებელი სხდომის გამართვა ივლისში იგეგმება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოკვლევის შედეგებს გამოვაქვეყნებთ“, - განმარტა ლექვინაძემ.

ამასთან, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ „წერტილთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საწვავის ბაზრის მოკვლევა 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდს ეხება.

„რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, ჩვენ ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე ტენდენციებს. დღევანდელი მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ ტრენდი საერთაშორისო ფასებთან და გაცვლით კურსთან შესაბამისობაშია და ამ ეტაპზე ის საკითხები, რამაც კითხვები გამოიწვია და მოკვლევა დავიწყეთ, აქტუალური არ არის“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების - "სოკარის", "ლუკოილის", "რომპეტროლის", "ვისოლის" და 'გალფის" მოკვლევა შარშან აგვისტოში დაიწყო. მოკვლევის საგანს წარმოადგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ამკრძალავი მოთხოვნების შესაძლო დარღვევის ფაქტების შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები