Apple-მა წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიების თარიღი ოფიციალურად დაადასტურა და პრეზენტაცია 9 სექტემბერს დანიშნა.
როგორც ირკვევა, კუპერტინოში მდებარე სტივ ჯობსის სახელობის თეატრში დაგეგმილ შეხვედრაზე ტექნოლოგიური გიგანტი iPhone 18 Pro-ს, iPhone 18 Pro Max-სა და თავის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს. ამასთან, ღონისძიებაზე ვიხილავთ Apple Watch Ultra 4-ს, Apple Watch Series 12-სა და სხვა განახლებული აქსესუარებს, მათ შორის ახალ AirPods-ს.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთების დაწყების ტრადიციული განრიგი კომპანიამ ამჯერად შეცვალა. ჩვეულებრივ, ახალი მოწყობილობების წინასწარი გაყიდვები პრეზენტაციის კვირაშივე, პარასკევს იწყებოდა, თუმცა წელს ეს თარიღი ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერაქტების 25 წლისთავს ემთხვევა. შესაბამისად, Apple-მა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად პროცესის გადავადება გადაწყვიტა და შეკვეთების მიღებას შაბათს, 12 სექტემბერს დაიწყებს.
საყურადღებოა, რომ ეს ცვლილება iPhone 18 Pro-სა და Apple-ის ახალ საათებს შეეხება, დასაკეცი მოდელის მსურველებს კი შესაძლოა ლოდინი სექტემბრის ბოლომდე მოუწიოთ.
რაც შეეხება მაღაზიებში გაყიდვების დაწყებას, ფლაგმანური სმარტფონები საერთაშორისო დახლებზე 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან გამოჩნდება.
ამასთან, გლობალურ გაყიდვებამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 სექტემბერს, Apple-ი ახალ ოპერაციულ სისტემა iOS 27-ს ოფიციალურად გამოუშვებს. ახალი ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა 2019 წლიდან გამოშვებულ ყველა სმარტფონს, მათ შორის iPhone 11-საც ექნება.




























