მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გახსნის Blauenshtein Georgia ღორების ფერმას რაჭაში? – პანდემიამ გეგმები შეცვალა

5fae96f48ddf5
ვიქტორია მღებრიშვილი
13.11.20 22:30
1276
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Blauenshtein Georgia რამდენიმე მლნ ლარის ინვესტირებით, ონის რაიონში ღორების ფერმის გახსნას ჯერ კიდევ ზაფხულში გეგმავდა, თუმცა როგორც კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა BM.GE-ის განუცხადა, ფერმის გახსნა პანდემიამ შეაფერხა.

მიხეილ სახვაძე აღნიშნავს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მლნ ლარს შეადგენს, სადაც სახელმწიფოსგან საღორისთვის 1.5 მილიონი ლარის იაფი აგროკრედიტია გამოყენებული.

„მშენებლობა, პრაქტიკულად, დასრულებულია და მხოლოდ კორონავირუსის გამო შეიცვალა გეგმები უმნიშვნელოდ. თავად საღორე ავსტრიულმა კომპანიამ ააშენა. დარჩენილი გვაქვს ღორების ჩამოყვანა, რაზეც მოლაპარაკებები ორ ქვეყანასთან – შვეიცარიასა და საფრანგეთთან მიმდინარეობს. კორონავირუსის გამო ცოტა შევფერხდით. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ფერმას გავხსნით“, - განაცხადა Blauenshtein Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საღორის გახსნის შემდეგ კომპანია მომხმარებელს ნატურალურ საკვებზე გაზრდილ მაღალი ხარისხის ღორის ხორცსაც შესთავაზებს.

აღსანიშნია, რომ კომპანია 2020 წელს მეორე პროექტის რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებასაც გეგმავდა, თუმცა მიხეილ სახვაძე ამბობს, რომ ეს გეგმაც კოვიდ-19-ის გავლენით შექმნილმა მდგომარეობამ შეაფერხა. კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი საწარმოს ამოქმედების ზუსტ თარიღს ამ დროისთვის ვერ ასახელებს.

„რძის გადამამუშავებელი საწარმოს საკითხი დიდი ხანია განიხილება და მუშავდება. ამ მხრივ ძალიან ბევრი რეგულაციაა და ყველაფერს უმაღლეს დონეზე რომ მოვერგოთ, ნელ-ნელა მივყვებით. ინფრასტრუქტურაც შესაბამისი უნდა დავახვედროთ. პრინციპში, კორონავირუსმაც ცოტათი ხელი შეგვეშალა და რომ არა ეს, შესაძლოა საწარმოც აგვემოქმედებინა“, - განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, კომპანია Blauenshtein Georgia-ს დაარსების იდეა წარმოშობით რაჭველ ბიზნესმენს, ირაკლი კერვალიშვილს ეკუთვნის, რომელსაც რაჭაში მეცხოველეობის დარგის აღორძინება და განვითარება სურდა. საქმეში, მასთან ერთად მისი შვეიცარიელი მეგობარი და პარტნიორი, მაქს ბლაუენშტაინი ჩაერთო.

კომპანიის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღემდე Blauenshtein Georgia-მ 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, რითიც ჯამში 70 ადამიანი დაასაქმა. საწარმოს წლიურად 80-100 ტონა ხორცს ამუშავებს და 80 დასახელების პროდუქტის რეალიზაციას Blauenshtein Georgia-ს საფირმო მაღაზიებში ახდენს.

კომპანიის ოთხი ფერმა ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარეობს, კომპანია ასევე ფლობს საძოვრებს, რომელიც დაახლოებით 1 000 ძროხაზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები