ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ კახეთის მაშინდელი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილის BM.GE-ს ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში განუცხადა. იმავე წლის ბოლოს გარემოს დაცვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე Kass Group-ის შვილობილმა კომპანია „კასს სქაი ბრიჯმა“ გაიმარჯვა.
რა ეტაპზეა დღეს პროექტი და რა ვალდებულების შესრულება მოუწევს ინვესტორს - ამ კითხვებით BM.GE-მ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართა. მათი ცნობით, გეგმის თანახმად სამუშაოები 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის პროექტს მეიჯარე კომპანია შპს „კასს სქაი ბრიჯ“ განახორციელებს. ინვესტორს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში, არანაკლებ 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების და ეკოტურისტული და რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს აღებული. ამასთან, პროექტის მიმდინარეობის პროცესში, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულია პროექტის არსებული ბიუჯეტის გადახედვა“, - უთხრეს BM.GE-ს სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, CITYFORESTER-მა მოამზადა, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE და ერთი ქართული ორგანიზაცია CENN იყო ჩართული.
ხის კენწეროების ბილიკების პროექტი კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს.
„ხის კენწეროების ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის და საპარკინგე სივრცის მოწყობაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა. გეგმის თანახმად სამუშაოები 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს“, - აცნობეს BM.GE-ს სააგენტოდან.
პროექტის მიმდინარეობისა და დათქმულ ვადებში შესრულების შესახებ BM.GE-მ კითხვით „კასს გრუპის“ დირექტორს ეკატერინე თორდიასაც მიმართა. კომპანიის ხელმძღვანელი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა კითხვას ამგვარად პასუხობს: „ამ ეტაპზე პროექტის კვლევა მიმდინარეობს. ზოგადად, კომპანია იკვლევს რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა შესაძლებელი განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში და მიღებული პროექტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელება. უფრო მეტი დეტალი და კონკრეტული პასუხი პროექტთან, განცორციელებასთან და ვადებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გვეცოდინება 2-3 თვის ვადაში“.
გარემოს დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაშის (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
ცნობისთვის: Kass Group-მა მიმდინარე წელს წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 120 მლნ ლარიანი ეკოტურისტული კომპლექსი მოაწყო და გახსნა, რომელიც დღეისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პერიოდში ეკოტურისტულ სივრცეს, ჯამში, 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.