ნოემბერში რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილების სპეციალური რეჟიმის მოხსნა იგეგმება - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ BMG-ის შესაბამის კითხვებზე გამოგზავნილ წერილობით პასუხებშია აღნიშნული.
რიკოთზე ავტომობილების მოძრაობის სპეციალური რეჟიმის შემოღება მარტში ერთ-ერთ ფერდზე მეწყრული პროცესების გააქტიურებამ განაპირობა, თუმცა მას შემდეგ მიმდინარე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ფერდობის ცვლილებები აღარ შეიმჩნეოდა, რის გამოც უწყებამ 12 ოქტომბრიდან მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, ნოემბრიდან კი ანალოგიური გადაწყვეტილება ძალაში შევა სატვირთო ავტომობილებისთვისაც.
"2023 წლის მარტის თვეში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე ძველი, არსებული გზიდან 200 მეტრში, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელიც სპეციალისტებმა მიიჩნიეს მომეტებული საფრთხის მქონედ. მოძრაობა დაუყოვნებლივ დაიკეტა, რისკების პრევენციის მიზნით კი მონაკვეთზე გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი, მოეწყო დამცავი კედელი, დაწესდა 24-საათიანი მონიტორინგი და დაიწყო შესაბამისი საკვლევაძიებო სამუშაოები. რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რიკოთზე დაწესდა გადაადგილების სპეციალური რეჟიმი.
დღეის მდგომარეობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) მეწყრული უბნის კომპლექსური შესწავლა დასრულებულია. ჩატარდა შესაბამისი საკვლევაძიებო სამუშაოები (ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები), რომლის საფუძველზეც მომზადდა საპროექტო გადაწყვეტილება და წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე, უახლოეს მომავალში დაიწყება ფერდის სტაბილიზაციის (პროფილირება და გამაგრება) სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს, მათ შორის, საპროექტო არეალთან მისასვლელი და შემოვლითი გზების მოწყობას.
იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორინგის შედეგად, დინამიკაში აღნიშნულ ფერდზე ცვლილებები არ შეიმჩნეოდა და ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი შეიცვალა. კერძოდ, რეჟიმის მოხსნა შეეხო მხოლოდ მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს, რომელთა გადაადგილება რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დარჩა ძალაში, თუმცა გაიზარდა 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებულია ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
ფერდის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულებამდე, ფერდზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება.
ამასთან, გაგრძელდება დაკვირვება სატრანსპორტო საშუალებების ინტენსივობაზეც. ბუნებრივია, ახალი წლის პერიოდში ინტენსივობა რიკოთის მონაკვეთზე მოიმატებს, თუმცა ის ვერ გაუთანაბრდება ზაფხულის სეზონის ინტენსივობას. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა დღის წესრიგში დადგეს სპეციალური რეჟიმის ხელახლა დაწესების საჭიროება. მეტიც, გარკვეული სახის ღონისძიებები ამჟამადაც მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც ნოემბერში იგეგმება სპეციალური რეჟიმის გაუქმება მისაბმელიანი და ნახევრად მისამბელიანი ავტოტრანსპორტისთვისაც,”- ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით განმარტებაში.