საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წელს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, თუკი ეკონომიკაში ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები სტაბილურ კლებას დაიწყებს. თავად ინფლაციის კლების დაწყებას სებ-ის პრეზიდენტი 2022 წლის მარტიდან პროგნოზირებს. რეფინანსირების განაკვეთის კლების შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა “რადიო ფორტუნასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ამჟამად ქვეყანაში 13.9%-იანი ინფლაციაა, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 2021 წლის დეკმებრის შემდეგ 10.5%-ზეა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება ინფლაციის კლებაზეც მოახდენს გავლენას.
“იქიდან გამომდინარე, რომ ლარის გაცვლითი კურსი არის გამყარებული, შეუძლებელია, რომ არ აისახოს ამ ყველაფერზე [ფასებზე].
სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები არის შემცირებული, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან შეიძლება, ზოგიერთი პროდუქტის ფასის შემცირება სეზონურობის ბრალი იყოს…
მას შემდეგ, რაც უტყუარად დავინახავთ, რომ ინფლაციის შემცირებასთან ერთად, ინფლაციური მოლოდინები ნამდვილად მცირდება, ზომიერი ნაბიჯით შევამცირებთ მონეტარულ პოლიტიკას. ჩვენ სხვადასხვა ფაქტორს ვუყურებთ და სხვადასხვა მიმდინარეობებს. მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ ლარში განთავსებული ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობას, რომელიც ინფლაციური მოლოდინების კარგი ამსახველია.
თუკი შევხედავთ ბოლოს განახლებული ლარის შემოსავლიანობის მრუდს, ფინანსურ ბაზარზე საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთებში შემცირების მოლოდინები ნამდვილად იკვეთება,”- ამბობს კობა გვენეტაძე.
თავის მხრივ, რეფინანსირების განაკვეთის კლების შემთხვევაში მოქალაქეთა და ბიზნესების სესხების საპროცენტო განაკვეთის ტვირთიც ეტაპობრივად შემცირდება. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, თუკი ინფლაცია სტაბილურად შემცირდება, წელს რეფინანსირების განაკვეთი 2-2.5%-ის შუალედში შემცირდება.




























