სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების აუდიტის ანგარიშის ძირითადი მიგნებების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და სსიპ დელტასთვის რამდენიმე რეკომენდაცია გაწერა. კერძოდ, ქვეყანაში დამატებითი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების საჭიროება და სეტყვიან დღეთა რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა. ამასთან, სეზონის განმავლობაში მეტეოროლოგიური რადარის გამართული ფუნქციონირება, საცეცხლე დანადგარების რაკეტებით მომარაგება-შევსების პროცესში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, როგორც ადამიანური, ასევე ლოგისტიკური მიმართულებით და ბოლოს, კოორდინირებულად უნდა იქნეს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები შემუშავებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სამინისტროს აუდიტის მიერ გაწერილ ორ რეკომენდაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამის შესახებ მან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე ცნობით, შეგროვებული მონაცემების შემდეგ, როდესაც ცხადი გახდება თუ რა სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, სამინისტრო უკვე ქმედით ღონისძიებებს დაგეგმავს.
“ორივე რეკომენდაციასთან მიმართებით, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ბუნებრივია ამ რეკომენდაციებს და მის ვალიდურობას ვიზიარებთ და ამ წლის განმავლობაში, აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ამ რეკომენდაციების შესაბამისად დავგეგმოთ ღონისძიებები, ხოლო ნაწილი დაგეგმვის პროცესშია. უფრო კონკრეტულად, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებით, მოგეხსენებათ, რომ საკითხი მონაცემების სიზუსტეს შეეხება. ამ მიმართულებით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით მოხდება მონაცემების შეგროვება, მათ შორის სეტყვიან დღეთა რაოდენობის შესახებ.
რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, შესაბამისი სამოქმედო გეგმების, სტრატეგიების ქონის და ქვეყნის რელიეფის გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებისთვის, სადაც ყველაზე ხშირია სეტყვის მოსვლა, იქ როგორ შეიძლება, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესებს და რა სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ მიმართულებით, მულტიუწყებრივი სამუშაო ჯგუფი შევქმენით, სადაც ჩვენივე სისტემის უწყებებთან ერთად დელტას შესაბამისი სამსახურიც იქნება ჩართული. ივნისისთვის უკვე ვაპირებთ, რომ ეს შესაბამისი სამოქმედო გეგმები გვქონდეს შემუშავებული და შესაბამისად დავგეგმოთ შემდგომი ღონისძიებები“, - ამბობს თანდილაშვილი.




























