მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ ღვინის კომპანიები მთავრობის მიერ 60 მლნ ლარის ჭარბი ყურძნის შეძენას

5d9f2e33a725b
ლიკა გურაბანიძე
14.10.19 11:00
4489

წელს სახელმწიფო კომპანია „აკურამ“ გლეხებისგან ჯამურად, 60 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების რქაწითელის ჯიშის ყურძენი უკვე შეიძინა.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნული ინტერვენცია რეკორდული მოსავლით ახსნა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციითვე, ღვინის კომპანიებმა საფერავის მოსავალი სრულად შეიძინეს, განსხვავებით - რქაწითელისა, რომლის ჯამურმა მოსავალმა 170,000 ტონა შეადგინა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ იყო ყურძნის რაოდენობა, რომელსაც კერძო სექტორი ვერ აბინავებდა, ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ინტერვენციები, რომ მოსავალი არ გაფუჭებულიყო და მინიმალური გარანტიები სახელმწიფოს შეექმნა. დაახლოებით, 60 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა მოგვიწია, რომ მინიმალური გარანტიები შეგვექმნა და ჩაბარების პრობლემა არ ყოფილიყო. ეს იყო კერძო, კომერციული კრედიტი, რომელიც აიღო სახელმწიფო კომპანიამ, მაგრამ ეს არ იყო არც სახელმწიფოს დაფინანსება, არც სახელმწიფოს გარანტია... ეს არის ოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, თუმცა - სახელმწიფოს ფულით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ოპერაციები კომერციულად მინუმუმ წამგებიანი არ იქნება. ამას ვნახავთ იმის მიხედვით, როგორი იქნება კონიუნქტურა“, - აღნიშნა დავითაშვილმა და დასძინა, რომ შესყიდული ყურძნით „აკურა“ საბრენდე სპირტს აწარმოებს.

bm.ge-მ ღვინის  კომპანიებს ჰკითხა, როგორ აფასებენ სახელმწიფოს მიერ 60 მლნ ლარის ყურძნის შესყიდვას.


მეღვინეები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ყურძნის შესასყიდად გაღებული 60 მილიონი ლარით სწორი პოლიტიკა გაატარა.

"შუხმან ვაინს”-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი:  "სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რათა მევენახე, გლეხი უპირატეს მდგომარეობაში მოიყვანო, რომ მას არ ჰქონდეს ჭარბი ყურძენი.  სახელმწიფომ ამ ნაბიჯით სწორი პოლიტიკა გაატარა იმიტომ, რომ უშუალოდ გლეხებისთვის ჭარბი ყურძნის შესამცირებლად საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა. ეს არის ჯანსაღი და გრძელვადიანი დივერსიფიკაციის პოლიტიკა, რადგან მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ამ ეფექტს ვერ მივიღებთ".


„ბადაგონის“ გენერალური დირექტორი მარიამ გიორგაძე:  "წელს ჭარბი მოსავალი იყო, კომპანიები მის მიღებას და გადამუშავებას სრულად ვერ მოახდენდნენ, ამიტომ სახელმწიფომ გლეხების ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ მოსავალი თავად შეესყიდა. სახელმწიფოს აქვს გრძელვადიანი გეგმა,  როგორ უნდა ჩაერთოს უფრო აქტიურად გლეხების დასახმარებლად. ეს იქნება ხარისხზე მუშაობა და გლეხების დაინტერესება, რომ მათ აწარმოონ ხარისხიანი ყურძენი".


"დუგლაძეების ღვინის მარნის დამფუძნებელი" ზაზა დუგლაძე: სახელმწიფოს მიერ ყურძნის მოსავლის ნაწილის შეძენა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ყურძენზე ღვინის მწარმოებლებისგან იმდენი მოთხოვნა არ იყო, რამდენიც მოსავალი მივიღეთ. ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა".

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები