მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით ფერმერებმა ვერ ისარგებლეს. აღნიშნული BMGTV-ის გადაცემა რედაქტორში მეჩაიეთა ასოციაციის პრეზიდენტმაც დაადასტურა. თენგიზ სვანიძის თქმით, პროგრამა ცვლილებას საჭიროებდა, რადგან 500 ლარიანი თანადაფინანსება საკმარისი არ აღმოჩნდა, ცვლილებებმა კი მოსავლის აღების პერიოდს ვეღარ მოუსწრო.
რამდენად გაამართლებს შეცვლილი პროგრამა და აითვისებენ თუ არა მას ფერმერები? - აღნიშნულთან დაკავშირებით BM.GE-სთან ქართული ჩაის კომპანია ,,ოკაცეს“, დირექტორმაც ისაუბრა.
ირაკლი ცერცვაძე თვლის, რომ აღნიშნული პროგრამა მცირე ფერმერებს უფრო მეტად შეუწყობს ხელს, თუმცა თანადაფინანსება, რომელიც ჩაის საკრეფ და სასხლავ აპარატზე ვრცელდება დიდი პლანტაციების მფლობელებისთვის შეღავათი არ არის.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეხვედრები აქვთ, რათა პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდოს და თანადაფინანსებით სარგებელი დიდმა პლანტაციებმაც მიიღონ.
„ახლა რა თანხაზეც არის საუბარი საკმარისია იმისთვის, რომ მცირე პლანტაციების მქონე ფერმერებმა გამოიყენონ, საუბარია 2-3 ჰექტარ ფართობზე. ჩვენ დიდ პლანტაციების მფლობელებს კი დაახლოებით 10-15 ცალი საკრეფი აპარატი გვჭირდება, ფასებიც ასეთ აპარატებზე მაღალია, ამას ემატება აუდიტის დასკვნები, დოკუმენტაცია, რომელიც ხარჯს გვიზრდის.
არის კიდევ სხვა დეტალებიც, მაგალითად, ამ ტექნიკის შემომტანი საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ პირდაპირ და დაფინანსებაც მაშინ გვეძლევა, როცა შეძენა ხდება ამ აპარატის, ამიტომ ეს საკითხები არის დასახვეწი.
აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამინისტროსთანაც, იმედი გვაქვს, გაზრდიან ბიუჯეტს კიდევ უფრო, რათა ჩვენც სარგებლის მიღება შევძლოთ“ - ამბობს ირაკლი ცერცვაძე.