მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ მიკრო ბანკების მოდელს მისო-ები - „კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარე

5f71acd451d2f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.20 22:00
1900
24 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ონლაინ შეხვედრაზე საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადებულ შეფასების დოკუმენტზე ისაუბრეს, რომელშიც მიკრო ბანკების მოდელია წარმოდგენილი. შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნული მოდელის უპირატესობებსა და რეგულირების ასპექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოდელი მიკროსაფინანსო ბაზრის სამომავლო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დოკუმენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, დადებითად შეფასდა. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.

BM.GE-ი დაინტერესდა, როგორ აფასებენ მიკრო ბანკების მოდელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და რა შესაძლებლობები ეძლევათ ამ მოდელის რეგულირების ამოქმედებით მისო-ებს. ამ კითხვებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარეს არჩილ ბაკურაძეს მივმართეთ.

მისი შეფასებით, მიკრო ბანკების მოდელი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარების შემდეგი ეტაპი, რომელზეც ორგანიზაციებს უფრო მეტი შესაძლებლობები ეძლევათ.

„მიკრო ბანკების მოდელი არის ბიზნესზე ორიენტირებული და მისო-ების განვითარების რეგულირების ახალი რეჟიმი, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტებით ისარგებლონ და თავის მომხმარებელს სრული სერვისი შესთავაზონ. ეს გამოიწვევს როგორც მომსახურების ხარისხის ამაღლებას - ანგარიშების გახსნას, დეპოზიტების დაგროვებას, ასევე თავად ორგანიზაციებისთვის დაფინანსების ხარჯის შემცირებას. საბოლოო ჯამში მისო-ები თავისი მომხმარებლისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეძლებენ, ანუ კიდევ უფრო შეღავათიან პერიოდში მოსახლეობის დაკრედიტებას. ეს არის არსი ამ რეგულირების“, - განმარტა არჩილ ბაკურაძემ.

„კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საკითხი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული.

„ამას ყველა ვერ დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ მოთხოვნები მაღალია. ფაქტობრივად ეს არის საბანკო სფეროში გადასვლის წინაპირობა. ეს პროცესია და ძალიან გვიხარია რომ ამ საკითხებზე გვქონდა საუბრია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ალბათ ძალიან მალე ვიხილავთ ამ რეგულირებასაც. თუ ყველაფერი ნორმის ფარგლებში განვითარდა ახალი პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე უნდა შეთანხმდეს ამაზე და გვექნება ახალი კანონმდებლობა“, - განაცხადა „კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიკრო ბანკების შემქნით ბაზარზე კონკრენცია გაიზრდება და გაჯანსაღდება.

„ამით იზრდება კონკურენცია და კმაყოფილდება მომხმარებლის ინტერესი. ახლა უკვე იქნება ბანკები, მიკრობანკები, მისო–ები და სესხის გამცემი სუბიექტები. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ეს სექტორი, მით უფრო ეს არის იმის წინაპირობა რომ მოსახლეობის და ეკონომიკის მოთხოვნა კრედიტზე დაკმაყოფილდეს. კრედიტები არის ეკონომიკის ძრავი, ამიტომ თუ ეს სექტორი იქნება ძლიერი, ეკონომიკაც მიაღწევს ზრდის სასურველ ტემპს“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები