მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ბიზნესი აშშ-სთან ურთიერთობის სისუსტეებზე გაკეთებულ განცხადებებს? - FedEx-ის წარმომადგენელი კომპანია საქართველოში

FedEx

ამერიკული კონგლომერატის ჰოლდინგური კომპანია Fed EX-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილის შეფასებით, აშშ-სთან ურთიერთობების სისუსტეების შესახებ საქართველოს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება და აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის უკმაყოფილება ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებით, პოზიტიური ნიშანია და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაზე მიანიშნებს. საკითხზე გადამზიდავი და საფოსტო-საკურიერო მომსახურების კომპანიის ხელმძღვანელმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

ნინო მენთეშაშვილი იმედოვნებს, რომ სისუსტეების აღმოსაფხვრელად ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება.

„ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწის მხრიდან იმის აღიარება, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობა არასაკმარისია უკვე პოზიტიური ნიშანია. ბიზნესი თვლის, რომ ჩვენს ქვეყანას თვითკმაყოფილების უფლება არ აქვს და შესაბამისად გვაქვს პრეტენზია ბიზნესი და მასზე მიბმული ქვეყნის ეკონომიკა მეტად განვითარდეს. მივესალმები ამ ტენდენციას, როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე დიპლომატიურ ურთიერთობებში. დანახვა ნაწილობრივ ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ამის გამოსასწორებლად წინ დიდი გზა გველის. ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე და სწრაფი ტემპით მოხდება.

ჩვენ კომპანიას ამერიკულ ბიზნესთან ურთიერთობებისა და ვაჭრობის კუთხით დეფიციტი არ გვქონია, რადგან საქართველოში სწორედ ამერიკულ კომპანიას წარმოვადგენთ. ეს ნამდვილად საამაყო ფუფუნებაა, რადგან ამერიკელები საამაყო პარტნიორები არიან, როგორც ბიზნესში, ასევე ისინი ითვალისწინებენ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას, მოთხოვნებს, რეგიონსაც უყურებენ და საინტერესონი ვართ“, - აღნიშნავს საქართველოში FedEx-ის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელი.

კითხვაზე - როგორ უნდა აღმოიფხვრას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სისუსტეები, ნინო მენთეშაშვილი ლოგისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ბიზნესს პარტნიორებთან კომუნიკაციაში ხელი არ შეეშალოთ.

„ეს სისუსტეები ძალიან მრავალმხრივია დაწყებული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმიდან, ეკონომიკური პოლიტიკით დასრულებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეკონომიკის სამინისტროსთვის ეს იქნება წითელი ხაზი, რომელიც აუცილებლად უნდა დაინახოს და ამ გზით იაროს. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ლოგისტიკის სფეროში ამ უწყებასთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს [გულისხმობს ფოსტის შესახებ კანონპროექტს, რომელიც კერძო საფოსტო მომსახურების კომპანიების რეგულირებას ითვალისწინებს და რომელიც ბიზნესს 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ვერსიის სახით წარედგინა ბიზნესს, თუმცა დღემდე საბოლოო სახე არ მიუღია].

საგულისხმო იქნება, თუ ისინი აქამდე არსებული ნაკლოვანებების შეფასებას შეძლებენ და ამ საკითხს პოზიტიური დღის წესრიგით მიუდგებიან“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები