"საინტერესო იდეები არის, თუმცა მასშტაბურ გარღვევას მასშტაბური ნაბიჯები სჭირდება და მთავარია, რა იქნება იმ სტრატეგიის და გადადგმული ნაბიჯების შედეგი, რომელსაც მთავრობა გეგმავს“, - ასე აფასებს „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია 24 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, რომელზეც პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქართველ ეკონომისტებს და ექსპერტებს ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია
„ძალიან კარგია, რომ ექსპერტებისთვის სტრატეგიის გაცნობა და გაზიარება ხდება. ვფიქრობ, სტრატეგიით ინვესტორის შემოყვანის სქემა ხდება უფრო მოქნილი, შესაძლოა, მეტი შეღავათი შესთავაზონ ინვესტორს. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ დასაქმებულის რაოდენობის მიხედვით, შესაძლოა, ინვესტორი წახალისდეს. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მხარე გაცილებით აქტიური ხდება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. დღევანდელ მსოფლიოში კონკურენცია ძალიან დიდია, ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და იმისთვის, რომ გაგვიცნონ, უნდა იმოქმედო; საჭიროა, კონტაქტების დამყარება და კომპანიების შეწუხება“, - განაცხადა ნადარაიამ.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგიის ავტორი სააგენტო „აწარმოე საქართველოშია“, ხოლო საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისულ გეგმაზე, რომლის მიზანი ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი ზრდის დაჩქარებაა, უცხოელი ეკონომისტები მონაწილეობენ.
„ახლა ჩვენი ეკონომიკის ზრდის პოტენციური ტემპი არის 5%. ზრდის ხელშესაწყობად ბევრი რამ კეთდება, თუმცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მოგვცემს დიდ მატერიალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ეს 5% გახდეს არა 5%-ზე გარკვეულად მეტი, არამედ მაგალითად 8%; არც დაახლოებით, 5.0%-ია ცუდი, მაგრამ მსხვილი გარღვევა გვჭირდება. ვფიქრობ, ეკონომიკური ზრდის ასეთ მასშტაბურ დაჩქარებაზე, სოციალური პრობლემების სწრაფ აღმოფხვრაზე, ჯერჯერობით, საუბარი ნაადრევია, ჯერ ალბათ უფრო სწრაფი ზრდის ეკონომიკური მოდელების განხილვა ხდება; თუმცა პოზიტივი ამ ყველაფერში არის ის, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაც გვაქვს. მაგალითად, განვითარების ეკონომიკის კორეელი ეკონომისტი, რომელიც პოსტკრიზისული გეგმის შექმნაში მონაწილეობს, ჩემი აზრით, საკმაოდ ძლიერი პროფესიონალია. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს მარტივი საკითხები არ არის და ამაზე იყო მსჯელობა შეხვედრაზეც, მათ შორის, თუ როგორ მოხდეს კერძო სექტორის წახალისების სხვადასხვა მექანიზმის უფრო ეფექტიანი კოორდინირება. სტრატეგია სტრატეგიაა, თუმცა ყველაფერს განხორციელება სჭირდება, ხოლო განხორციელებას - ცოდნა და გამოცდილება და მსგავს საკითხებში საერთაშორისო გამოცდილებას თუ შევხედავთ, შეცდომა საკმაოდ ბევრია. რომ შევაჯამო, საინტერესო გეგმები ნამდვილად არის, თუმცა, პრაქტიკულად, რით დამთავრდება ყველაფერი, ეს უნდა ვნახოთ; მასშტაბურ გარღვევას მასშტაბური ნაბიჯები სჭირდება“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.




























