პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულმა სავაჭრო ომმა და აშშ-ის მთავრობის მიერ მეტალების იმპორტზე 25%-იანი სატარიფო რეჟიმის ამოქმედებამ საერთაშორისო ბირჟაზე ფოლადის და ალუმინის გაძვირება გამოიწვია.
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ფოლადის ფასი ბირჟაზე 32%-ითაა გაზრდილი, ალუმინის გაძვირების მაჩვენებელი კი 18%-ს შეადგენს. ასევე, 20%-ით მოიმატა სპილენძის ფასმა, რადგან ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ შემდეგი საქონელი, რომელზედაც ტრამპი ტარიფს დააწესებს, სწორედ სპილენძი იქნება.
სავაჭრო ბარიერის ამოქმედება, ბუნებრივია, ბაზარზე პროდუქციას აძვირებს, თუმცა ამ შემთხვევაში ინვესტორები იმაზეც ფიქრობენ, თუ რა საპასუხო ზომებს მიიღებენ ექსპორტიორი სახელმწიფოები, რომელთაც აშშ-ში ფოლადი და ალუმინი შეჰქონდათ, მათ შორის: კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და იაპონია.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი და კანადა საპასუხო ტარიფებს ამზადებენ, სხვა სახელმწიფოები კი ჯერჯერობით მოქმედებისგან თავს იკავებენ, რადგან, როგორც ჩანს, მათ სავაჭრო ომის ესკალაცია არ სურთ.