მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახება არასტაბილური პოლიტიკური გარემო ინვესტიციებზე - პაატა შურღაიას შეფასება

პაატა შურღაია

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას საკრედიტო სააგენტო Fitch პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით ინვესტორთა გაზრდილ შეშფოთებას უკავშირებს.

კერძოდ, საქართველოს რეიტინგის შეფასებისას Fitch წერს, რომ 2024 წელს FDI-ის შემოდინების წლიურად 34.5%-ით შემცირება სავარაუდოდ, ასახავს ინვესტორების შეშფოთებას გაზრდილი პოლიტიკური რისკების გამო.

ის, რომ ბოლო ერთი წელია, უცხოელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაუჩნდათ, ადასტურებენ აუდიტორულ კომპანიებშიც.

როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას BMG-სთან კომპანია „გრანთ თორნთონ საქართველოს" მმართველი პარტნიორი ამბობს, რამდენიმე უცხოელ ინვესტორთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა სწორედ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ეს პროცესები დროში იწელება.

„წინა წლის მაისის პერიოდიდან, ანუ როგორც კი პოლიტიკური მოვლენები დაიწყო, იქიდან მოყოლებული საქართველოს ბაზრის მიმართულებით მოთხოვნასთან დაკავშირებული ცვლილებები ფიქსირდება. სწორი ანალიზი რომ გავაკეთოთ, პანდემიის შემდგომ [ინვესტიციების მიმართულებით] გარკვეული ძვრები იყო, 2024-ის პირველ ნაწილშიც ფიქსირდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. შემდგომ უკვე, ანუ თითქმის ერთი წელია, რაც აქტიური მიმდინარეობა ამ კუთხით არ შეინიშნება.

[ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ], ინტერესი იყო ორი ბაზრიდან, ეს არის დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეხებოდა განახლებადი ენერგიის და სამედიცინო მიმართულებას. რამდენიმე შეხვედრაც განვახორციელეთ გასული წლის მანძილზე, მიმდინარე პერიოდშიც, ანუ ინფორმაციის გაცვლა გვაქვს, მაგრამ ინვესტიციებს ასე ვთქვათ დაცულობა და გარანტიები სჭირდება. ჩვენ რა ინფორმაციაც არ უნდა მივაწოდოთ კომპანიებს, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად ბიზნესი ოპერირებს, მაინც სხვადასხვა საინფორმაციო ველით მიდის ინფორმაცია, რომ სახარბიელო გარემო არ არის. ესაა პოლიტიკური მოვლენები, ეს არის მთავრობებს შორის დაძაბულობა და სხვადასხვა ტიპის განცხადებები“, - აღნიშნა პაატა შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები