აშშ-ის თავდაცვის მდივანი და ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის ახალ ფაზას აანონსებს. მისი განცხადებით, პრიორიტეტი რეგიონული მოკავშირეების სარაკეტო მარაგების შევსება და გლობალური ენერგეტიკული არტერიის, ჰორმუზის სრუტის სრული გახსნა იქნება.
მოგეხსენებათ, ბოლო კვირის განმავლობაში ირანის მიერ განხორციელებული იერიშების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პარტნიორებს: კატარს, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს თავდაცვითი რაკეტების მარაგი ეწურებათ. პიტ ჰეგსეთმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონისთვის ეს ცნობილია და პენტაგონი მზად არის, მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების პროცესი დაიწყოს.
თავდაცვის მდივნის განმარტებით, აშშ-ის საბრძოლო მარაგები მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე საჭიროებებს, ამიტომ ამერიკა მზად არის, მოკავშირეებს ყველა საჭირო რესურსი მიაწოდოს. ამასთან, დაზვერვის მონაცემებით, ირანის სარაკეტო პოტენციალი უკვე 90%-ით არის განადგურებული, რაც რეგიონზე ზეწოლას საგრძნობლად ამცირებს.
ჰორმუზის სრუტეს რაც შეეხება, ჰეგსეთი აცხადებს, რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი დიდწილად უკვე აღარ არსებობს და სრუტის გახსნა მხოლოდ დროის საკითხია. მისი თქმით, ამერიკული სამხედრო ძალა იქნება გარანტი იმისა, რომ სავაჭრო გემებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ.
თავად ომის დასრულების საკითხზე ჰეგსეთი აცხადებს, რომ შეტევა იქამდე გაგრძელდება, სანამ ირანში რეჟიმი სრულად არ განადგურდება ან არ დანებდება.




























