მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს ილონ მასკი მარსის კოლონიზაციას?

მარსი

კოსმოსის დაპყრობის და მარსის კოლონიზაციის მიმართულებით ილონ მასკის მიერ დაფუძნებული SpaceX უდავო გლობალური ლიდერია. მილიარდერის ხელმძღვანელობით, SpaceX-მა წარმოუდგენელი რამ შეძლო და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები შექმნა, რომელთა დახმარებით კოსმოსური ოდისეა ოცნებიდან რეალობად იქცა.

მარსის კოლონიზაცია SpaceX-ის მთავარი მიზანია და ამ ამბიციურ ამოცანასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც მან სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მარსის კოლონიზაცია პირდაპირაა დამოკიდებული SpaceX-ის ყველაზე ამბიციური პროექტის, Starship-ის განვითარების ტემპზე. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში შექმნილი ყველაზე დიდი ზომის და სიმძლავრის კოსმოსური ხომალდი, რომელიც მრავალჯერადი დანიშნულებისაა და მან დაახლოებით 100 ადამიანის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

Starship-ის პროექტი ამჟამად გამოცდის ფაზაშია. მასკის განმარტებით, 2024 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სატესტო აფრენდა და დაშვება განხორციელდება, რის შემდეგაც მარსამდე სულ ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი.

გარდა იმისა, რომ Starship-ის გამოყენება არაერთხელ იქნება შესაძლებელი და ის სადგურებს შორის რეგულარულად შეასრულებს ფრენებს. მას კიდევ ერთი თვისება გამოარჩევს და ეს მისი ფასია, როგორც მასკი ამბობს, მომავალში Starship 3-ის ღირებულება 2-3 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, რაც წარმოუდგენლად იაფია. ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რაკეტა Bugatti-ს თუ Pagani-ს ავტომობილებზე უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

სიიაფე და მრავალჯერადობა - სწორედ ესაა ის თვისებები, რომელთა დახმარებით SpaceX-ის გუნდი მარსის კოლონიზაციას შეძლებს.

ცხადია, მასკი პირველ კოლონიაზეც საუბრობს. სავარაუდოდ, პირველი რამდენიმე ნაკადი, რომელიც მარსზე ჩავა, უკან ვერ დაბრუნდება, რადგან ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა ჯერ წითელ პლანეტაზე არ არსებობს და ტექნოლოგიის განვითარებამდე ისინი სიბერის ასაკს მიაღწევენ, შესაბამისად, პირველი კოლონიზატორები სწორედ წითელ მიწას მიებარებიან.