"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ხვალიდან სამინისტროში მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაიწყებს მუშაობას. ჯგუფის მთავარი ამოცანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მაქსიმალური შენარჩუნება და რესურსების სწორად გადანაწილება იქნება.
მინისტრის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულები. ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, როგორ წარიმართოს მილევადი რეჟიმი ისე, რომ პროცესი რეფორმის კონცეფციას შეესაბამებოდეს.
„მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო ტექნიკური მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, უკვე ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული.
აქვე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ ვნახავთ: რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებით დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორიენტირებული იმ განაცხადზე, რასაც ყოველთვის ვამბობდით, თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება”, - განაცხადა მიქანაძემ.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით,ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ შეცვალა, ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ტექნიკური პროფილის მქონე სპეციალობები დარჩება, ახალ სტუდენტებს ამ მიმართულებებზე უნივერსიტეტი აღარ მიიღებს, არსებული პროგრამები მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი მილევად რეჟიმში გადავა.



























